სიახლეები

მთავარისიახლეები

ალტერნატიული კომუნიკაცია ცერებრული დამბლის მქონე პირებისთვის

27/04/2021

მეტყველების გზით ბავშვი ამყარებს ურთიერთობას სხვებთან, გამოხატავს საკუთარ აზრებისა და სურვილებს. კომუნიკაციისას ბავშვი იგებს სხვების აზრს, მითითებასა თუ დამოკიდებულებას. ყოველივე ეს კი ეხმარება მას როგორც სამყაროს შეცნობაში, უკეთ გაგებაში, ისე სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. რაც მთავარია მეტყველება ეხმარება ბავშვს საკუთარი და სხვისი ქცევის რეგულირებაში. როგორც ვიცით მეტყველებისას აქტიურად არის ჩართული მოტორული მხარე, კერძოდ პირისა და ენის მოძრაობა. ზოგიერთ ბავშვსა თუ მოზარდს, რომელსაც აქვს ცერებრული დამბლის დიაგნოზი, ნატიფი მოტორული აქტივობების განხორციელება ხშირად გართულებული აქვთ. რის გამოც მათ აღენიშნებათ სირთულეები ღეჭვა-ყლაპვისას, ასევე მეტყველებისას.  მათ უჭირთ სწორედ საკუთარი აზრებისა და სურვილების გამოხატვა, ხშირად მათი ლაპარაკი გაუგებარია ან სიტყვების წარმოთქმისას დიდ ენერგიასა და ძალისხმევას ანდომებენ. შედეგად ბავშვს შესაძლოა ნაკლები შესაძლებლობა ქონდეს სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების, ვერ ახერხებდეს საკუთარი სურვილებისა თუ საჭიროებების გამოხატვას და ამავდროულად უჭირდეს საკუთარი ქცევის მართვა. ასეთ დროს, შესაძლებელია ბავშვისა და მშობლისათვის ალტერნატიული კომუნიკაციის გზის შეთავაზება. ალტერნატიული კომუნიკაციის სისტემა არის დამხმარე გზა, რომელიც ანაცვლებს, ავსებს ან ეხმარება ვერბალურ კომუნიკაციას. მისი გამოყენება ხელს უწყობს ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. აძლევს განათლების, მეგობრების შეძენისა და სოციალური კავშირების დამყარების შესაძლებლობას.   ალტერნატიული საკომუნიკაციო სისტემები იყოფა სამ ნაწილად. 1. ტექნოლოგიების გარეშე საკომუნიკაციო სისტემა, რომელშიც მოიაზრება, მიმიკები, ჟესტები, ჟესტური ენა, თვალებით კომუნიკაცია (მაგ: თვალების დახუჭვა თანხმობის დროს და სხვა) და ა,შ, 2. დაბალტექნოლოგიური საკომუნიკაციო სისტემები: ეს არის სისტემა, სადაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნა მთელი რიგი ფორმები. იგულისხმება ისეთი მასალის გამოყენება, რასაც არ სჭირდება ელემენტი ფუნქციონირებისათვის. დაბალტექნოლოგიური სისტემის მაგალითებია: კალამი და ფურცელი, დასურათებული ბარათები, ფოტოები, საგნობრივი სიმბოლოები და სხვა. 3. მაღალტექნოლოგიური სისტემა, ანუ ის, რაც დამოკიდებულია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებაზე. მისი მაგალითებია: ელექტრონული დაფა, რომლის ხელის დაჭერით ხმოვანდება სიმბოლო/სურათი, პლანშეტი, სათამაშო ან წიგნი, რომელიც იწყებს ლაპარაკს შეხებისას, კომპიუტერი, სადაც ჩაწერილია პროგრამა და მრავალი სხვა. საქართველოში ალტერნატიული კომუნიკაციის მეთოდებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ბარათების გაცვლით კომუნიკაციის მეთოდი. მას ასევე „პეკს“ (PECS-Picture Exchange Communication Systems), მისი აბრევიატურიდან გამომდინარე უწოდებენ. მოცემული მეთოდი შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც დაბალტექნოლოგიური, ისე მაღალტექნოლოგიური სისტემის გამოყენებით. მისი ბარათები შესაძლოა დამზადდეს, ბავშვის შესაძლებლობებისა და რესურსების გათვალისწინებით. ასევე შესაძლებელია PECS-ის პროგრამის პლანშეტსა და კომპიუტერში ჩაწერა და შემდგომ მისის გამოყენების სწავლება. ამ მეთოდის სწავლებისათვის საჭიროა ისეთი სპეციალისტის მოძიება, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი და მოცემული მეთოდის სწავლებისა და გამოყენების კვალიფიკაცია გააჩნია.   გავრცელებულია მითი, რომ არსებული მეთოდებისა და სისტემების გამოყენება აფერხებს ბავშვისა თუ მოზარდის მეტყველების განვითარებას; აზარმაცებს ბავშვს, რომ ილაპარაკოს და ა.შ. თუმცა არსებობს მრავალი კვლევა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფაქტი, რომ მოცემული სისტემისა და მეთოდის გამოყენება პირიქით ხელს უწყობს სიტყვების მარაგის გაზრდასა და მეტყველების განვითარებას.     

ადრეული განვითარების მნიშვნელობა და პროგრამის ძირითადი პრინციპები

22/04/2021

ონლაინ ლექცია! "ადრეული განვითარების მნიშვნელობა და პროგრამის ძირითადი პრინციპები". ლექციას გაუძღვება ნაბო ქაჯაია - ოკუპაციური თერაპევტი, ადრეული განვითარების სპეციალისტი. ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: - რატომ არის მნიშვნელოვანი ბუნებრივ გარემოში თერაპიის განხორციელება - მშობლის და სოციალური გარემოს ჩართულობა - პროგრამის როლი ბაღში/სკოლაში ტრანზიციის პროცესში - ვის და როგორ შეუძლია პროგრამაში ჩართვა დაინტერესებულ პირებს გეძლევათ საშუალება სპიკერისთვის განკუთვნილი თქვენი შეკითხვები პოსტის ქვეშ, კომენტარების სახით დაგვიტოვოთ, ან მოგვწეროთ გვერდის პირად შეტყობინებებში. ლექციაზე დასწრება სრულიად უფასოა და ჩატარდება კენ ვოლკერის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე LIVE ჩართვის საშუალებით. ჩართვა შედგება 23 აპრილს, 17:00 საათზე.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება 1 წლის ასაკამდე ბავშვის განვითარებისას?

19/04/2021

ბავშვის განვითარება ყველაზე სწრაფად სწორედ პირველი ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობს. შესაბამისად, თუ განვითარებას რამე ხელს უშლის, ბავშვის დახმარება სწორედ ამ ასაკშია ყველაზე ეფექტური. ბავშვის განვითარებას ხელი შეიძლება ნერვული სისტემის დაზიანებამ შეუშალოს. არსებობს მგომარეობები, რომლის დროსაც შესაძლებელია ნერვული სისტემა დაზიანდეს: დღენაკლობა, რთული მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა დაბადებისას და ა.შ. ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის და ადრეული რეაბილიტაციისთვის, რასაც მკურნალობის მაქსიმალურად კარგი შედეგი მოაქვს, მნიშვნელოვანია განვითარების სირთულეების ადრეული ამოცნობა. მშობლის როლი ბავშვის განვითარების შეფერხების პირველი ნიშნების ამოცნობაში გადამწყვეტია, რათა შემდეგ ბავშვის განვითარების სრულფასოვანი შეფასებისათვის მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს ან განვითარების პედიატრს.   რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს და რა ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება? ქვემოთ წარმოდგენილია წლამდე ბავშვის ტიპური ე.წ. ნორმალური განვითარების ნიშნები. თუ თქვენი ბავშვი შესაბამის ასაკში ამ უნარებს არ ავლენს, უმჯობესია მდგომარეობის გადასამოწმებლად მიმართოთ სპეციალისტს, რათა არ დაიკარგოს განვითარების წახალისების ყველაზე ხელსაყრელი პეროდი. 2 თვის ბავშვი: კარგად წოვს ძუძუს ან საწოვარას, კარგად ყლაპავს, საკვები არ სცდება  მტევანზე შეხებისას ხელს სტაცებს საგანს იწყებს თავის დაჭერას, გაკონტროლებას 4 თვის ასაკში: ხელი მიაქვს პირთან და იდებს პირში სათამაშოს ან სატყუარას იჭერს ხელში და მიაქვს პირთან კარგად იჭერს, აკონტროლებს თავს თვალს აყოლებს მოძრავს საგანს აბრუნებს თავს სათამაშოს მოძრაობის ან ხმის მიმართულებით ხელები მიაქვს სხეულის შუა ხაზთან და ერთმანეთს კიდებს ხელებს 6 თვის ასაკში: საკვებს იღებს კოვზით მუცელზე წოლისას ეყრდნობა ხელებს და ცოტა ხანი ჩერდება ასეთ პოზაში მოხერხებულად იღებს სათამაშოს ემზადება ჯდომისას წონასწორობის შენარჩუნებისთვის, იწყებს წელის მყარად „დაჭერას“, გაკონტროლებას 9 თვის ასაკში: ზის დამოუკიდებლად: ინარჩნებს წონასწორობას ისე, რომ ხელებზე დაყრდნობა აღარ სჭირდება და თამაშობს ორივე ხელის გამოყენებით იღებს პატარა ზომის საგნებს ცერა და საჩვენებელი თითებით გადააქვს საგანი ერთი ხელიდან მეორე ხელში სურვილისამებრ იღებს და დებს საგნებს 12 თვის ასაკში: ხელში უჭირავს, პირთან მიაქვს და კბეჩს მყარ საკვებს იღებს ყუთიდან სათამაშოებს ან სხვადასხვა საგნებს ესმის საუბარი, ინსტრუქციები გამოხატავს საკუთარ სურვილებს, მაგალითად: საჩვენებელი თითით მიანიშნებს სასურველ საგანზე უჭირავს ჭიქა ორივე ხელით, მიაქვს პირთან და სვამს წყალს ჭიქიდან დგება ფეხზე რაიმე საყრდენის დახმარებით, მიჰყვება საყრდენს  

თუ თქვენ ახლა იწყებთ აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროცესს

25/03/2021

ლუკა 2 წლისაა. ყველაზე კარგად თავს დედის კალთაში გრძნობს. უყვარს, როდესაც უმღერიან და პარკში ასეირნებენ. ლუკას მოძრაობა უჭირს: დამოუკიდებლად ვერ დადის და ვერ ზის, სათამაშოები ხშირად უვარდება, სიტყვების წარმოთქმისას რთულია მისი ნათქვამის გაგება. შეწუხებულმა მშობლებმა  ლუკას დასახმარებლად კენ ვოლკერის კლინიკის რეაბილიტაციის გუნდს მიმართეს. აქამდე მათ არასდროს ჰქონიათ ამდენ სხვადასხვა სპეციალისტთან შეხება. ახალ გარემოში მიმდინარე პროცესის გაცნობისა და უცხო ადამიანებთან ურთიერთობის დაწყებისას მშობლებიც და ლუკაც, მართალია, დაინტერესებულები არიან, თუმცა, იმავდროულად, დაძაბულები ჩანან.        თითოეული ბავშვი უნიკალურია ინდივიდუალური შესაძლებლობებითა და საჭიროებებით, ინტერესებითა და გამოცდილებებით, ჩვევებითა და ხასიათის თვისებებით, გარემომცველ სამყაროზე რეაგირების ტემპითა და ტემპერამენტით. როდესაც ბავშვს ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზებაში სპეციალისტების დახმარება სჭირდება, ის ოჯახთან ერთად აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროცესში ერთვება. პირველი კონტაქტი და ურთიერთგაგების ჩამოყალიბება პირველ კონტაქტსა და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ბავშვს, მისი ოჯახის წევრებსა და სპეციალისტების გუნდს შორის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნაყოფიერი სარეაბილიტაციო პროცესის წარსამართავად. უცხო გარემოს გაცნობას, ადამიანებთან ურთიერთნდობის ჩამოყალიბებასა და უსაფრთხოების განცდის დაუფლებას, განსაკუთრებით ბავშვისათვის, დრო და ორმხრივი მონდომება სჭირდება. ზოგ შემთხვევაში ეს უფრო სწრაფად, ზოგ შემთხვევაში კი შედარებით ნელა ხდება.    ბავშვისათვის პირველი სარეაბილიტაციო პროცესის დაწყების გამარტივება მისი წინასწარი მომზადებით შეიძლება. მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ ბავშვს თქვენი ნათქვამის შინაარსი არ ესმის ან ნაკლებად აინტერესებს, ამის მიუხედავად, ესაუბრეთ მას. უამბეთ ბავშვს, რომ თქვენ ერთად აპირებთ წასვლას იქ, სადაც ბევრი ბავშვი დადის, ელიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ მისი გაცნობა, ერთად ითამაშებენ და საინტერესო რაღაცებს გააკეთებენ. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვს, მაგალითად, თინეიჯერს, აუხსენით, რომ მასთან ერთად სხვადასხვა სპეციალისტი იმუშავებს, რათა უფრო ადვილად შეძლოს იმის კეთება, რაც სურს და აინტერესებს. მოინიშნეთ ის საკითხები, რომლებიც ბავშვს, თქვენ ან ოჯახის სხვა წევრებს გაინტერესებთ რეაბილიტაციის პროცესისა და მასში მონაწილე ადამიანებისაგან. ამაზე საუბრის წამოწყება რეაბილიტაციის გუნდს უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის თქვენი ოჯახის მოლოდინებზე. უშუალოდ წამოსვლისას შეგიძლიათ ბავშვს აარჩევინოთ ან თქვენ წამოიღოთ ის სათამაშო ან ნივთი, რომელიც ძალიან უყვარს და ამშვიდებს.   ადამიანებს შორის ეფექტური კომუნიკაციის, ურთიერთგაგებისა და ნდობის ჩამოყალიბება დამოკიდებულია თავად ახალ გარემოში მიღებულ შთაბეჭდილებებზეც. კომფორტული და მიმზიდველი გარემოს უზრუნველყოფით, ბავშვის რეაქციების მიმართ სენსიტიურობით, ბავშვისა და მისი მზრუნველის მიმართ კეთილგანწყობითა და პატივისცემით, მათთან ურთიერთობისას ინდივიდუალური ტემპისა და საჭიროებების გათვალისწინებით კლინიკა ზრუნავს პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებაზე. იმავდროულად, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკის, მისი ტემპერამენტისა და ხასიათის თავისებურებების შეცნობაც, წარსული გამოცდილებებისა და იმ მომენტში არსებული გუნება-განწყობის, მშობლის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებაც. მაგალითად, თუ ბავშვს შია, ეძინება, მშობელი ღელავს ან დაძაბულია, შეიძლება უცხო გარემოში მან თავი მშვიდად ვერ იგრძნოს. ხოლო დაძაბულ და სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვისათვის თერაპიის პროცესი ნაკლებ ეფექტურია. ამიტომ ბავშვთან მომუშავე სპეციალისტები ცდილობენ, რამდენადაც ეს ბევრ ბავშვთან მუშაობის პირობებშია შესაძლებელი, ერთი მხრივ, მოერგონ თითოეულის განსხვავებულ რუტინას: კვების, ძილის, მედიკამენტების მიღებისა თუ ოჯახის ფუნქციონირების განრიგს; ხოლო, მეორე მხრივ, მშობელთან სიახლოვისა და დისტანციის მართვისას ბავშვის რეაქციებისა და ინდივიდუალური ტემპის პატივისცემით, საინტერესო და სახალისო ურთიერთობითა და სამუშაო პროცესით ბავშვისათვის თერაპია გახადონ სასიამოვნო. განსაკუთრებით მგრძნობიარე ბავშვის შემთხვევაში სპეციალისტები ცდილობენ, თანდათან მიუახლოვდნენ ბავშვს, დაიწყონ მუშაობა მშობლის კალთაში ან მის სიახლოვეს, თამაშ-თამაშით შეაჩვიონ ახალ მოძრაობებსა თუ აქტივობებს. როდესაც ბავშვი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, ის მეტად გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს, გაბედულად იმოქმედებს და უკეთ აითვისებს ახალ უნარ-ჩვევებს. შესაბამისად, ბავშვის კარგი განწყობის მისაღწევად საკმარისი დროისა და შემოქმედებითობის გამოყენება ეფექტური რეაბილიტაციის პროცესის წარმართვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თერაპევტი ლუკას და მის მშობლებს ღიმილით შეეგება და გაეცნო. დაათვალიერებინა გარემო. დაინტერესდა ლუკას ყოველდღიური ცხოვრების რუტინით, მისი საყვარელი ნივთებითა და საქმიანობებით. ამ დროს ლუკა დედის კალთაში იჯდა და თაროზე სათამაშოებს აკვირდებოდა. თერაპევტმა თვალი ლუკას მზერას გააყოლა, საინტერესო სათამაშო ჩამოიღო და ლუკას გაუწოდა. ცოტა ხანს ადროვა და, როდესაც შეატყო, რომ ლუკა დედას უფრო მიეკრა, სათამაშო მასთან ახლოს დადო, უდნავ უკან დაიხია და გაუღიმა. საკმაოდ ნელი ტემპითა და ფრთხილად, თუმცა თანმიმდევრული ნაბიჯებით, თერაპევტი ცდილობდა ლუკას ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვებას მის რეაქციებზე დაკვირვებითა და მშობლების სიახლოვის გამოყენებით. თამაშ-თამაშით ლუკა დედის კალთიდან მის გვერდით, თუმცა ზურგით დედაზე მიყრდნობილი, სავარძელზე ჩამომჯდარი აღმოჩნდა. მის გვერდით თერაპევტი იჯდა. სათამაშოს, რომელსაც ლუკა პერიოდულად ხელს უშვებდა, ხან თერაპევტი და ხან მამა აწოდებდნენ. დედამ თერაპევტისგან ისწავლა, როგორ წაეხალისებინა ლუკა, რათა ჯდომისას წონასწორობის შესანარჩუნებლად მეორე ხელის იდაყვს დაყრდნობოდა. პირველი დღის შედეგით თერაპევტიც და ოჯახიც კმაყოფილები დარჩნენ: ლუკამ გაიცნო კენ ვოლკერის კლინიკის რეაბილიტაციის გუნდის წევრები, მიიღო გამოცდილება, რომ მას არავინ მოულოდნელად არ დააშორებს მშობლებს, სანამ თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს ახალ ადამიანებთან.              საბოლოოდ, ურთიერთგაგების ჩამოყალიბება ბავშვს, მის მზრუნველებსა და რეაბილიტაციის დარგის პროფესიონალებს შორის პროცესია, რომელიც პირველი შეხვედრისას იწყება და თანდათან ვითარდება. ამ პროცესში თავისი წვლილი ყველა მონაწილე მხარეს შეაქვს. ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვისა და თქვენს განცდებზე რეაბილიტაციის გუნდთან გულწრფელი საუბარი ყველასათვის ძალიან სასარგებლოა და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროცესს.    

ბენეფიციარის ისტორია, სარეაბილიტაციო კურსისა და რობოტოთერაპიის შესახებ

23/03/2021

ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს რობოტო თერაპია, მათ შორის ე.წ  ხელის ფუნქციის გაუმჯობესებაზე მიმართული რობოტები. რობოტო თერაპია წარმოადგენს თანამედროვე, ინოვაციურ მეთოდს ინსულტის შემდგომი მდგომარეობების რეაბილიტაციაში და კენ ვოლკერის კლინიკა ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი ქვეყნის სარეაბილიტაციო სივრცეში. კლინიკის მულტიდისციპლინური გუნდი პაციენტთან ერთად ტანდემში მუშაობს ინსულტის განვითარების შემდგომი მდგომარების რეაბილიტაციაზე და შეზღუდვების მაქსიმალურ აღმოფხვრაზე. წარმოგიდგენთ ჩვენი პაციენტის შთაბეჭდილებებს და შეგრძნებებს, მისი თავალით დანახულ ერთი  სარეაბილიტაციო თარაპიის კურსისა და რობოტო თერაპიის შესახებ.   პაციენტი 45 წლის, მამაკაცი დიაგნოზი - იშემიური ინსულტის შემდგომი მდგომარეობა მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი. ზედა კიდურში დაზიანება უპირატესად გამოხატულია მარჯვენა ხელის მტევანში. ინსულტის განვითარებიდან  გასულია 4 თვე. პაციენტის პირველი ვიზიტი: მდგომარეობის შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ: ექიმი ნევროლოგი, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები. პაციენტი: „რამდენადმე გამაოცა  კონსულტაციაზე სამი ადამიანის დანახვამ, მისმენდნენ ყურადღებით, მისვამდნენ სხვდასხვა კითხვებს, შემდეგ დაიწყეს ჩემი გასინჯვა და მდგომარეობის დეტალურად შეფასება. გაეცნენ ჩემს ისტორიას და კვლევების შედეგებს. მკითხეს - ჩემი აზრით, რა არის შეზღუდვის განმაპირობებელი ძირითადი პრობლემა?, რისი მიღწევა მინდა?, რომელი ფუნქციის გაუმჯობესება არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული?. ესაუბრნენ მეუღლესაც. კონსულტაცია 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.“ ვიზიტი მეორე:  „-წარმომიდგინეს სარეაბილიტაციო მკურნალობის სამუშაო გეგმა. გეგმა იყო დეტალურად  გაწერილი დროში - მკურნალობის საბოლოო (გრძელვადიანი) მიზნისა და შუალედური (მოკლევადიანი) მიზნების მითითებით. ამიხსნეს ყველა პუნქტი. რაღაცეები შევცვალეთ კიდეც. გაითვალისწინეს ჩემი მოსაზრებები და სურვილები“.  დღეს ვხვდები ორ სპეციალისტს, ვიმუშავე 2 საათი, ცოტა დავიღალე, თუმცა მგონი განწყობა გამომიკეთდა, ვნახოთ რა იქნება შემდეგ ვიზიტზე“ ვიზიტი მესამე: „-გრძელდება მუშაობა თერაპევტებთან, დღეს პროცესში ჩაერთო რობოტი, საინტერესო მოწყობილობაა, ხელის ფუნქცია უნდა გამიუმჯობესოს, ვნახოთ“ „- ისევ ამიღეს ზომები, შეამოწმეს ძალა ხელში, თითებში, დამიმაგრეს ხელი, მეუბნებიან , რომ მოძრაობის პარალელურად უნდა გამიტარონ ელექტრული იმპულსი, ცოტა დავიძაბე, თუმცა აღმოჩნდა, რომ სულაც არაა საშიში პროცედურა. საინტერესოა რა გამოვა?!“ რობოტის შეფასება: „-ცოტა უცნაურად გამოიყურება, ბევრი სამაგრი აქვს, თუმცა უხმაუროდ, მუშაობს თავისთვის, საკმაოდ კომფორტულად მიდევს ხელი, მოძრაობისას არ ვგრძნობ არავითარ დისკომფორტს, დაჭიმულობას ან ტკივილის, იმპულსის გატარებაც არ ყოფილა საშიში“. ვიზიტი მეშვიდე: „- გრძელდება თერაპია, მომცეს  დავალებები სახლში სამუშაოდ. მართალი გითხრათ რობოტო თერაპია ყველაზე მეტად მომწონს. შედეგი ნამდვილად ჩანს, აშკარად  შესამჩნევია, დავიწყე მცირე  დამოუკიდებლად თითების მოძრაობა. შევძელი მტევნის მოხრა და გაშლა მაჯის სახსარში“.   ვიზიტი  მეთხუტმეტე: ”თითებს და მტევანს უკეთ ვიმორჩილებ. პირველად 4 თვის მანძილზე შევძელი დამოუკიდებლად ჰიგიენური პროცედურების ჩატარება, დღეს ვცადე გაპარსვა, რთულია და ცოტა ადრეა, ხელი სწრაფად მეღლება, მაგრამ ჭამას უკვე ვახერხებ დამოუკიდებლად.  თერაპევტები მეუბნებიან, რომ გაუმჯობესება მათი და რობოტის ერთობლივი მუშაობის შედეგია. მგონი ასე მართლაც. ვაგრძელებ ბრძოლას, ეხლა კიდევ უფრო მეტად მინდა ვნახო რა შემიძლია მივაღწიო“.   ვიზიტი მეოცე: „- სრულიად დამოუკიდებლად გავიპარსე, ნახევარი სახე, მაგრამ დამოუკიდებლად, სკოლის მოსწავლესავით მიხარია თერაპევტის შეფასება. ნამდვილად ვხედავ რისი გაკეთება და მიღწევა შემიძლია, ვიცი როგორ და ამაში მეხმარებიან, უკვე თითქმის 3 საათი ვმუშაობ დღეში, სწრაფად აღარ ვიღლები“. „ხვალიდან ახალ რობოტზე გადავალ, სტიმულაციის სახეც იცვლებაო მითხრეს, ახალი მოძრაობები უნდა განვავითარო, ველოდები.„

ეტლის მომსახურება

22/03/2021

როგორია შესაბამისი ეტლი? მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად შესაბამისი სავარძელეტლი უნდა პასუხობდეს კონკრეტული პირის (ეტლის მომხმარებლის და ან მისი მომვლელის) საჭიროებებს, იმ გარემოს სადაც ის ცხოვრობს და უზრუნველყოფდეს ეტლის მომხმარებლის უსაფრთხოებას. არასწორად შერჩეული ეტლი ხდება სხვადასხვა მიმართულებით მთელი რიგი სირთულეების გაჩენის მიზეზი, კერძოდ: იზღუდება ან სრულად შეუძლებელი ხდება ყოველდღიურ ცხოვრებისეულ აქტივობებში დამოუკიდებლად ჩართვა, როგორიცაა: პირადი ჰიგიენური პროცედურების ჩატარება, საკვების მომზადება და მიღება, თამაში, მაღაზიაში წასვლა და ა.შ. რთულდება ეტლის მოხმარება და ეტლით გადაადგილება არ არის უსაფრთხო; არასწორად მორგებული ეტლი ხელს უშლის ადამიანს ჯდომის სწორი პოზის შენარჩუნებაში, რაც თავის მხრივ იწვევს დისკომფორტს, ტკივილს, სწრაფად დაღლას და ზრდის ნაწოლების გაჩენის რისკს. ასევე შესაძლოა განვითარდეს ხერხემლის დეფორმაციები - სქოლიოზი ან კიფოზი, სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა, სუნთქვის გართულება და ა.შ. ეტლის მართვა მოითხოვს მომხმარებლისაგან მეტი ენერგიის დანახარჯს; ეტლის ყოველდღიური მოხმარება (მაგალითად: დაკეცვა/გაშლა და  ტრანსპორტირდება) რთულდება და/ან არააპრაქტიკული ხდება. შესაბამისად კარგად შერჩეული და მორგებული ეტლი ხელს უწყობს მომხმარებლის ფუნქიური დამოუკიდელობის გაზრდას - შესაბამისად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციას..   როდის უნდა მივმართოთ ეტლის სპეციალისტს? უმეტესად ეტლის მომსახურების სპეციალისტს მიმართავენ როდესაც ეტლის მომხმარებელი მიიღებს ან იყიდის ეტლს, თუმცა მოცემული მომსახურების სპეციალისტის ჩართვა, მეტად ხელსაყრელია არა იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი მიიღებს ეტლს, არამედ იმ დროიდან როდესაც პირს გაეწევა ეტლის გამოყენების რეკომენდაცია. ეს შესაძლებლობას მისცემს სპეციალისტსა და ეტლის მომხმარებელს  შესაბამისი ეტლის შერჩევის და შემდგომ მისი, ადამიანის საჭიროებებზე უფრო ეფექტურად მორგებას.   რა ნიშნავს ეტლის მორგების მომსახურება? ეტლის მომსახურება გულისხმობს, ეტლის მომხმარებლის (დახმარებას არსებული ხელმისაწვდომი ეტლებიდან  მისთვის შესაბამისი ეტლის მოძებნაში.  ის შედგება 8 საფეხურისაგან, ესენია: მომართვა და შეხვედრა, მომართვის შემდეგ სპეცილისტი ხვდება ეტლის მომხმარებელსა და მის წარმომადგენელს. ატარებს პირველად ინტერვიუს და ადგენს მომართვის მიმზეზსა და საჭიროებებს; აგროვებს ინფორმაციას, იმ გარემოს შესახებ, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. შეფასება - ინტერვიუს ჩატარების შემდგომ სპეციალისტი აფასებს ეტლის მომხარებელის ფიზიკურ შესაძლებლობებს (სხეულის პოზა, სახსრების მოძრაობის სიფართეს, წონასწორობა და ა.შ.); ასევე აფასებს არსებული ეტლისა და ბალიშის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მდგომარეობასა და თვისებებს.   შერჩევა - შეფასების შემდეგ ეტლის მომხმარებელი და მომსახურების სპეციალისტი ერთად შეარჩევენ ეტლს, რომელიც ქვეყნის მაშტაბით (სურვილისამებრ ქვეყნის გარეთ) ხელმისაწვდომია და მაქსიმალურად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს (პირის შესაძლებლობების, გარემოსა და ფუნქციური დატვირთვის). დაფინანსება და შეკვეთა - იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული ეტლის ტიპი ხელმისაწვდომია ქვეყნის მაშტაბით, სპეციალისტი აკვალიანებს თუ როგორ არის შესაძლებელი მოცემული ეტლის ვაუჩერის ან დაფინანსების მიღება. თუ შერჩეული ეტლი ხელმისაწვდომია სხვა ქვეყნებში და ეტლის მომხმარებელს სურს საკუთარი ფინანსებით შერჩეული ეტლის მიღება, სპეციალისტი, საჭიროებიდან გამომდინარე, ეხმარება მოცემულ პროცესის (მიმოწერის, მოლაპარაკების) განხორციელებაში. პროდუქტის მომზადება - ეტლის მიღების/შეძენის შემდგომ, სპეციალისტი შეაფასებს, არის თუ არა რაიმე ტიპის ქარხნული წუნი; მოამზადებს ეტლს აღებული სხეულის ზომების შესებამისად (მაგალითად ხსეულის ზომის შესაბამისად დაარეგულირებს სატერფულებს, ეტლის ხახელურებს და ა.შ.) და მოარგებს შერჩეულ ბალიშს. მორგება - გამზადებული და ზომაზე დაყენებული ეტლს სპეციალისტი არგებ უკვე უშუალოდ პირს. ეტლში ჩაჯდომის და მოსინჯვის შემდგომ სპეციალისტი განიხილავს ეტლის მომხმარებელთან ერთად თუ რამდენად კომფორტული და პრაქტიკულია ეტლი მისთვის; აფასებს თუ რამდენად ზომის შესაბამისია და რამდენად ფუნქციურად იყენებს ეტლის მომხმარებელი ახლად მორგებულ ეტლს. საჭიროებისამებრ შეაქვს ცვლილებები, მანამ სანამ პირი არ იქნება კმაყოფილი.   ეტლის მომხმარებლის ტრენინგი - მორგების ეტაპის დასრულების შემდეგ სპეციალისტი ასწავლის ეტლის მომხმარებელს, თუ როგორ მართოს სწორად ეტლი, გადალახოს მინიმალური ბარიერები უსაფრთხოდ და როგორ გადაჯდეს ეტლის ზედაპირიდან სხვა (მაგ: ლოგინზე, სავარძელზე ან მანქანაში) ზედაპირზე. ასევე ეტლის მომხმარებელსა და ოჯახის წევრებს ასწავლის კიბეზე ეტლის მომხმარებლის უსაფრთხოდ აყვანისა და ჩამოყვანის ტექნიკებს.  მოვლა შეკეთება და გადაფასება - და ბოლოს ასწავლის ეტლის/ბალიშის მოვლისა და შეკეთების ტექნიკებს. ყოველივე ეს ხელს უწყობს ეტლისა და ბალიშის ნაადრევად დაზიანებასა მწყობრიდან გამოსვლას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეტლის მომსახურება ამ ეტაპზე არ მთავრდება. ეტლის მომხმარებლის სახლში გაშვების შემდგომ, სპეციალისტი გარკვეული პერიოდულობით ეხმიანება ეტლის მომხმარებელსა და ან მის ოჯახის წევრს და ადგენს თუ როგორ მოიხმარენ მათ მიერ შერჩეულს და მორგებულ ეტლს. საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტი კიდევ ერთხელ ხვდება მათ და შეაქვს ცვლილებები, წარმოქმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე.   სად შეიძლება მოცემული მომსახურების მიღება? არსებული მომსახურება შესაძლებელია იმ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, რომელსაც ყავს ეტლის მომსახურების სერტიფიცირებული სპეციალისტი. კენ ვოლკერის კლინიკაში შესაძლებელია ინდივიდუალური საჭიროებების გათავალისწინებით, არსებული მომსახურების მიღება.

ფიზიკური რეაბილიტაცია კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ

11/03/2021

ონლაინ ლექცია! “ფიზიკური რეაბილიტაცია კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ “ ლექციას გაუძღვება სოფიკო შაგიძე, კენ ვოლკერის კლინიკის ზრდასრულთა მიმართულების ხელმძღვანელი, ნევროლოგი, ნეირორადიოლოგი, კლინიკური ნეიროფიზიოლოგი. ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: - კოვიდ ინფექციის გადატანის შემდგომი გართულებები - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ ფიზიკურ რეაბილიტაციის საჭიროების შესახებ - პრაქტიკული რჩევები ფიზიკური რეაბილიტაციისათვის ლექციაზე დასწრება სრულიად უფასოა და ჩატარდება კენ ვოლკერის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე LIVE ჩართვის საშუალებით.  ჩართვა შედგება 16 მარტს, 17:00 საათზე.

პირველად საქართველოში, ლოკო-სთეიშენ სისტემა კენ ვოლკერის კლინიკაში!

16/02/2021

პირველად საქართველოში, ლოკო-სთეიშენ სისტემა კენ ვოლკერის კლინიკაში! ამერიკული წარმოების ლოკო-სთეიშენ სისტემა სპეციალურად შეიქმნა სიარულის დარღვევის მქონე პირთათვის და თანაბარი ეფექტურობით გამოიყენება როგორც ბავშვთა, ასევე ზრდსარულთა რეაბილიტაციისათვის. ლოკო-სთეიშენ სისტემა გამოიყენება სხვადასხვა ნევროლოგიური დაზიანებების რეაბილიტაციაში, მაგალითად, ინსულტი, თავის ტვინის ტრავმა, ზურგის ტვინის არასრული დაზიანება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სისტემა ეფექტურია კუნთთა მაღალი ტონუსის - სპასტიურობის მართვისათვის, მაშინაც კი, როდესაც ამ პრობლემის მართვა გართულებულია სპეციფიური მედიკამენტური მკუნალობით. სისტემის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია: სხეულის წონის და ქვემო კიდურებზე ყრდნობის სრული კონტროლი დატვირთის შერჩევის შესაძლებლობა ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით სტატიური და დინამიური მართვის ფუნქცია წონასწორობის ცენტრის ცვალებადობის მართვა თერაპიული პროცესის სრულყოფილი უსაფრთხოება სიმარტივე და ეფექტურობა კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით.

რეაბილიტაცია და მენტალური ჯანმრთელობა

23/02/2021

 ონლაინ ლექცია!  "რეაბილიტაცია და მენტალური ჯანმრთელობა".  ლექციას გაუძღვება  ნინა მენაღარიშვილი - ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის დოქტორი.  ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:  ქრონიკული პროცესის გამწვავების პრევენცია:   • პრევენციის როლი ეკონომიურ ჯანდაცვაში და კერძოდ ფსიქიატრიაში  • რას ემსახურება მენტალური ჯანმრთელობის რეაბილიტაცია და განყოფილების შექმნის მიზნები  • ვისთვის არის ის განკუთვნილი და რა პირობებით  • მისი საბოლოო მიზნები  ლექციაზე დასწრება სრულიად უფასოა და ჩატარდება კენ ვოლკერის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე LIVE ჩართვის საშუალებით.  ჩართვა შედგება 24 თებერვალს, 18:30 საათზე.

ტრენინგები მხედველობის დარღვევის მქონე პირებთან კომუნიკაციისა და რეაბილიტაციის შესახებ კენ ვოლკერის კლინიკაში

01/01/1970

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტებისთვის ჩატარდა ტრენინგები მხედველობის დარღვევის მქონე პირებთან კომუნიკაციისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანის" მიერ ორგანიზებული შეხვედრები მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ტრენინგის მეშვეობით მონაწილეებმა მიიღეს უფრო მეტი თეორიული ცოდნა მხედველობის სტიმულაციის, გამცილებლის ტექნიკისა და განვითარების თავისებურებების შესახებ. მონაწილე სპეციალისტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სიმულაციური სათვალის საკუთარ თავზე მორგებით გამოეცადათ, როგორ აღიქვამენ უსინათლო ან მცირე მხედველი ადამიანები გარესამყაროს. "კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა" პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით. კლინიკას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ერთობლივი პროექტი - "ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში". პროექტის ფარგლებში უწყვეტად მიმდინარეობს კლინიკის პერსონალის მომზადება/გადამზადება. "კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა" მოსახლეობას სთავაზობს როგორც ზრდასრულთა, ისე ბავშვთა სარეაბილიტაციო მომსახურებას. თბილისი: გუდამაყარის ქ. N4. ☎ +995 32 2 11 20 20; +995 599 233 916 ბათუმი: ბაქოს ქუჩის N 8 (ყოფილი გოგებაშვილის N 40) ☎ +995 577 777 052

უფასო გასინჯვების კვირეული

01/01/1970

კენ ვოლკერის კლინიკაში ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების ფარგლებში უფასო გასინჯვების კვირეული იწყება. უფასო კონსუტლაციის გავლა შეგეძლებათ 16 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით. ბავშვთა კონსულტაციას ჩაატარებენ კლინიკის დირექტორი ირაკლი ნატროშვილი, მაია ტალახაძე და ხათუნა დავითულიანი. მოზრდილთა კონსულტაციას გაუძღვება სოფო შაგიძე, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ექიმები ელზა თათარაძე, თამარ სვანიშვილი, მარიამ სოფრომაძე და ზეინაბ სოფრომაძე. ბავშვთა მიმართულება გთავაზობთ ქვემოთ ჩამოთვლილთა რეაბილიტაციას: განვითარების შეფერხება ბავშვებში; ცერებრული დამბლა; თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობა; ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებებით გამოწვეული მდგომარეობა; პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები; ნერვკუნთოვანი დაავადებები; განვითარების შეფერხებით მიმდინარე გენეტიკური დაავადებები; ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა; სქოლიოზები. მოზრდილთა მიმართულება გთავაზობთ ქვემოთ ჩამოთვლილთა რეაბილიტაციას: იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი; ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა; ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობა; ზურგის ტვინის არატრავმული დაზიანებები; პარკინსონის დაავადება; გაფანტული სკლეროზი; ნეიროპათია; პერიფერიული ნერვების დაზიანების შემდგომი მდგომარეობა; ორთოპედიული დაზიანებებისა და ოპერაციის შემდგომი მგდომარეობა; ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით გამოწვეული ტკივილის სინდრომი: კისრის, წელისა და სხვა ტკივილი. ჩაეწერეთ წინასწარ +995 32 2 11 20 20 თბილისი; გუდამაყარის ქ. N4.

უფასო გასინჯვების კვირეული

01/01/1970

კენ ვოლკერის კლინიკაში, ნოემბერი ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. სწორედ ამიტომ კლინიკა გთავაზობთ უფასო გასინჯვების კვირეულს. ზრდასრულებს უფასო კონსუტლაციის გავლა შეგეძლებათ 16 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით. მსოფლიოში ყოველდღიურად 15 000 000-მდე ადამიანს ემართება ინსულტი. საქართველოში ინსულტის დიაგნოზი წლის განმავლობაში დაახლოებით 17000 ადამიანს უფიქსირდება. აღნიშნული შემთხვევების თითქმის ნახევარი, იწვევს შეზღუდულ შესაძლებლობას, ასევე მაღალია ამ დიაგნოზით გარდაცვალების რიცხვი. პრობლემის აქტუალურობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ა.წ. ნოემბრის თვე გამოაცხადა ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ.  ჩვენი კლინიკაც უერთდება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას და შეეცდება დაგეხმაროთ ინსულტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებაში.  ინსულტს წარმოადგენს სისიხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რაც იწვევს თავის ტვინის ქსოვილის დაზიანებას და ვლინდება სხვადასხვა კლინიკური ნიშნებით. ინსულტის განვითარების ძირითადი ნიშნები: სახის ასიმეტრია კიდურების დაბუჟება/ძალის დაკარგვა მეტყველების გაძნელება/მოშლა მსგავსი სიმპტომების აღმოჩენისას არ დაკარგოთ დრო, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დროულად აღმოჩენილი დახმარება და სწორი მკურნალობა გადაარჩენს თქვენს და თქვენი ახლობლების სიცოცხლეს და შემაცირებს შეზღუდული შესაძლებლობის განვითარების რისკს. ინსულტის კლინიკური ნიშნებია ასევე: თავის ტკივილი, თავბრუ გულისრევა, ღებინება მგრძნობელობის დაქვეითება ან გაქრობა მხედველობის ველის გამოვარდნა წონასწორობის დარღვევა ემოციური ლაბილობა ცნობიერების დაბინდვა და ა.შ რა არის ინსულტის რისკ-ფაქტორები? გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები( არტერიული ჰიპერტენზია, სხვადასხვა ტიპის არითმია და ა.შ); დიაბეტი სიმსუქნე მაღალი ქოლესტერინი 65 წელზე მაღალი ასაკი შავკანიანი რასა დატვირთული ოჯახური ანამნეზი თამბაქო/ალკოჰოლი/ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება ძილის აპნოე ორალური კონტრაცეპტივები ანამნეზში გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორულ იშემიური შეტევა (TIA) სიხლის შედედების სხვადასხვა ტიპის დარღვევები, სხვა ჰემატოლოგიუირ პათოლოგიები სისხლძარღვოვანი ანომალიები (AVM,კავერნომა,ანევრიზმა ). ჩაეწერეთ წინასწარ +995 32 2 11 20 20 თბილისი; გუდამაყარის ქ. N4.

კენ ვოლკერის კლინიკაში დაიწყო წინასაახალწლო აქცია

01/01/1970

პირველად საქართველოში აქტიური ჯგუფური რეაბილიტაციის პროგრამა ➡ ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე 6-დან 12 წლამდე და 13-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის. საახალწლო ტარიფი 250 ლარი 5̶0̶0̶ ლარის ნაცვლად. პროგრამაში შედის ადაპტირებული მოძრავი თამაშები. პროგრამას უძღვებიან: ფიზიკური თერაპევტები: ელისო მურვანიძე, ირინა ბრეგვაძე. ოკუპაციური თერაპევტები: რუსუდან ლორთქიფანიძე, ნინო რუხაძე. პროგრამა იწყება 16 ნოემბრიდან და მოიცავს: 16 შეხვედრას დარბაზსა და სპორტულ მოედანზე ➡ კვირაში ორჯერ, ერთსაათიანი ხანგრძლივობით. იჩქარეთ, კომპლექტდება ჯგუფები. ჯგუფში ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 577 44 87 19 (ნინო) ჩვენ ვიცავთ უსაფრთხოების ყველა რეგულაციას #COVID19

კენ ვოლკერის კლინიკაში დაიწყო წინასაახალწლო აქცია

01/01/1970

ზღაპრის თერაპია ➡ დაინტერესებული ან ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე 6-დან 12 წლამდე და 13-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის. საახალწლო ტარიფი 250 ლარი 5̶0̶0̶ ლარის ნაცვლად. პროგრამას უძღვებიან ართ თერაპევტები: შორენა შოთნიაშვილი, ნატა ლოგუა. პროგრამა იწყება 16 ნოემბრიდან და მოიცავს 10 შეხვედრას ➡ კვირაში ორჯერ, ერთსაათიანი ხანგრძლივობით. იჩქარეთ, კომპლექტდება ჯგუფები. ჯგუფში ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 593 51 24 52 (ნატა) ჩვენ ვიცავთ უსაფრთხოების ყველა რეგულაციას #COVID19

© 2020