სიახლეები

მთავარისიახლეები

ცერებრული დამბლა და სპასტიურობა (კუნთების მომატებული ტონუსი)



სპასტიურობა (კუნთების ფიზიოლოგიურზე მეტად გამოვლენილი ტონუსი/დაჭიმულობა) არის ცერებრული დამბლის ყველაზე ხშირი თანმდევი სიმპტომი. კუნთების სპასტიურობა ვითარდება კომპენსატორულად მაშინ, როდესაც ცენტრალური ნერვული სისტემა, გარკვეული სტრუქტურების (მოტორული ზონების ან მოტორული იმპულსების გამტარი გზების) დაზიანების გამო, სრულად ან ნაწილობრივ კარგავს მოძრაობისა და პოსტურალური (პოზის შენარჩუნების) მექანიზმების განხორციელების კონტროლის უნარს.

სპასტიურობა (Spasticity) არის მდგომარეობა, როდესაც კუნთთა მომატებული ტონუსი ეწინააღმდეგება კიდურში პასიური მოძრაობის შესრულებას. წინააღმდეგობის მაქსიმუმი ვლინდება მოძრაობის დასაწყისში და მცირდება მოძრაობის დასკვნით ფაზაში (დაკეცილი დანის სიმპტომი). პასიური მოძრაობის შესრულება შესაძლებელი ხდება მხოლოდ ძლიერი ძალისხმევის შედეგად. სპასტიურობა არის თავის ან ზურგის ტვინში გამავალი კორტიკო-სპინალური გზების დაზიანების ერთ-ერთი გამოვლინება. სპასტიურობასთან ერთად ვლინდება აქტიური მოძრაობის შესრულების უნარის დაქვეითება (პარეზი) ან სრული დაკარგვა (პლეგია) (ოქსფორდის განმარტებითი ლექსიკონი, 2002 წ.).
კუნთთა მომატებული სპასტიურობა ხშირად მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი ხდება ცერებრული დამბლის მქონე ბავშვის რეაბილიტაციის პროცესში, თუმცა არავითარ შემთხვევაში კუნთთა მომატებული ტონუსის შემცირება არ უნდა გადაიქცეს მკურნალობის ძირითად მიზნად.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სარეაბილიტაციო მკურნალობის მიზანი არის ბავშვის ფუნქციური მდგომარეობის, მისი ფიზიკური შესაძლებლობებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია კუნთთა სპასტიურობა „გამოვიყენოთ“ ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
ცერებრული დამბლის სხვადასხვა ფორმების დროს განსხვავებული ტიპის და ლოკალიზაციის სპასტიურობა გვხვდება.

რთულ შემთხვევებში, კვადრიპლეგიური ფორმების დროს, კუნთთა სპასტიურობა ვლინდება მთელ სხეულში - გენერალიზებული სპასტიურობა.

ცერებრული დამბლის დიპლეგიური და ჰემიპლეგიური ფორმების დროს ხშირად კუნთთა მომატებული სპასტიურობა ვლინდება მხოლოდ ერთ ან ორ კიდურში (რეგიონალური სპასტიურობა) ან მხოლოდ ერთ ან რამოდენიმე კუნთში (ფოკალური სპასტიურობა).

ცერებრული დამბლის დისკინეზური ფორმების დროს, სპასტიურობის გამოვლინება განსხვავებულია ზემოთ აღწერილი მდგომარეობებისაგან. ამ დროს ტონუსი ცვალებადია (დისტონია) და განსაკუთრებით იმატებს ბავშვის ემოციური დატვირთვის დროს. ცერებრული დამბლის ამ ფორმის მქონე ბავშვის კიდურის პასიური მოხრისას, წინააღმდეგობა რომელსაც ვაწყდებით სპასტიური გამშლელი კუნთების მხრიდან უეცრად ქრება და შემდგომ ისევ ჩნდება და ასე მეორდება რამოდენიმეჯერ კიდურის მოხრის პროცესის დასრულებამდე (დაკბილული ბორბლის სიმპტომი).

სპასტიურობის გამოვლენის ტიპისა და ხარისხის მიხედვით ხდება მის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

სპასტიურობის შემცირების სტრატეგიებს მაშინ მივმართავთ, როდესაც მიზანი გვაქვს ბავშვის:
•ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესება;
•დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდა;
•კუნთოვანი სპაზმებისა და ტკივილის შემცირება ან სრულად მოხსნა;
•ბავშვის მოვლის გაადვილება;
•დეფორმაციების განვითარების პრევენცია.

სპასტიურობის შესამცირებლად გამოიყენება როგორც ფიზიკური ასევე მედიკამენტოზური და ქირურგიული მეთოდები:

•პოსტურალური (პოზიციონირება) მეთოდები - რაც გულისხმობს სხეულის ისეთი პოზის შერჩევას, რომელშიც კუნთთა ტონუსი მაქსიმალურად შემცირებულია;
•ფიზიკური თერაპია - ვარჯიშებისა და მოძრაობების კომპლექსი, რომლიც ხელს უწყობს კუნთთა ტონუსის შემცირებას და ნორმალიზებას;
•ორთეზები - სპასტიურობის მკურნალობაში ძირითადად გამოიყენება კოჭ-წვივის რიგიდული ორთეზი. ორთეზის დახმარებით კოჭ-წვივის სახსარს უნარჩუნდება ფიზიოლოგიური ან ფიზიოლოგიურთან მაქსიმალურად მიახლოებული მდგომარეობა, რაც აუმჯობესებს ბავშვის ფუნქციურ შესაძლებლობებს, დადებითად აისახება მისი გადაადგილების უნარზე, სიარულის ტიპზე და ენერგოეფექტურობაზე;
•მედიკამენტოზური მკურნალობა - გამოიყენება სხვადასვა ჯგუფის პერორალური (დასალევი) მედიკამენტები. მედიკამენტის შერჩევა და დოზის განსაზღვრა უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.
•ბოტულინის ტოქსინის (გამოიყენება პრეპარატები: დისპორტი, ბოტოქსი, ქსეომინი) ინექციები სპასტიურ კუნთებში - მკურნალობის ეს მეთოდი ეფექტურია რეგიონალური და ფოკალური სპასტიურობების დროს. მკურნალობის დაწყებამდე ზუსტად უნდა განისაზღვროს ინექციისათვის სამიზნე კუნთები. საინექციო პრეპარატის დოზა განისაზღვრება ბავშვის კუნთის ზომისა და ასაკის მიხედვით. ამ მეთოდს უკუჩვენება პრაქტიკულად არ აქვს. მეთოდის გამოყენების შემაფერხებელი გარემოებაა პრეპარატის სიძვირე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბოტულინის ტოქსინით მკურნალობის ეფექტურობა შედარებით ხანმოკლეა - 3-6 თვე, მაგრამ ეს პერიოდი არის ძალიან კარგი და ეფექტური ფანჯარა, იმისათვის რომ ბავშვმა ახალი უნარები აითვისოს და გაიუმჯობესოს ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის მოქმედების პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდეს სარეაბილიტაციო მკურნალობა. ბოტულინის ტოქსინის მოქმედების გასვლის შემდეგ სპასტიურობა კვლავ იჩენს თავს (ხშირად სპასტიურობის ხარისხი არ უბრუნდება ძველ ნიშნულს და არის უფრო ნაკლები ვიდრე ის იყო ბოტულინის ტოქსინით მკურნალობის დაწყებამდე) და საჭიროა მკურნალობის განმეორება.
•ქიმიური ნევროლიზი ფონოლით - მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება ძალიან საფრთხილოა. ფენოლი ბოტულინის ტოქსინთან შედარებით გაციელებით იაფია და მკურნალობით მიღებული ეფექტიც ხანგრძლივი, მაგრამ სამწუხაროდ ხშირია გვერდითი მოვლენები რაც ძირითადად ვლინდება მგრძნობელობის დარღვევით;
•ორთოპედიული ოპერაციული მკურნალობა - იმის და მიხედვით თუ კიდურების რომელ სეგმენტებში ვლინდება სპასტიურობა და რამდენად ახდენს ის ბავშვის ფუნქციურ მდგომარეობაზე გავლენას, შესაძლებელია ორთოპედიული ოპერაციების ჩატარება. ორთოპედიული ოპერაციები არის სხვადასხვა ტიპის და ბავშვის მდგომარეობიდან და მკურნალობის მიზნებიდან გამომდინარე შესაძლოა ჩატარდეს როგორც რბილ ქსოვილებზე - კუნთებზე და მყესებზე, ასევე ძვალზე. დადებითი შედეგის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორთოპედიული ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვა და ოპერაციული ჩარევის ტიპის განსაზღვრა მოხდეს გუნდურად, ქირურგისა და რეაბილიტაციის მულტიდისციპლინური გუნდის ერთობლივი მონაწილეობით;
•სელექტიური დორსალური რიზოტომია - ეს არის ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც გულისხმობს სპასტიურობის განმაპირობებელი, ხერხემლის სვეტში შემავალი უკანა ფესვების შერჩევით გადაკვეთას. ოპერაცია ტარდება ელექტოფიზიოლოგიური კონტროლის ქვეშ. მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენება რეგიონალური სპასტიურობების სამკურნალოდ - მაგალითად ცერებრული დამბლის სპასტიური დიპლეგიის ფორმების დროს, როდესაც კუნთთა სპასტიურობა მეტად მომატებულია ქვედა კიდურებში და უშლის აქტიური მოძრაობების შესრულებაში;
•ინტრათეკალური ბაკლოფენის ტუმბოს ჩაყენება - არის აგრეთვე მკურნალობის ქირურგიული მეთოდი. ეს მეთოდი გამოიყენება გენერალიზებული სპასტიურობის დროს, როდესაც კუნთთა ტონუსი მომატებულია ტოტალურად მთელს სხეულში. მეთოდი გულისხმობს მუცლის კანქვეშ სპეციალური ტუმბოს ჩაკერებას, რომელიც თხევად ბაკლოფენს ტუმბოს რეზერვუარიდან გადაისვრის თავზურგტვინის სითხეში. გადასასროლი პრეპარატის დოზირებას ახდენს ექიმი, რომელიც აპროგრამირებს ტუმბოს. მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ძალიან ძვირი და მართვისათვის საჭიროებს სპეციალურ ინფრასტუქტურას.

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვის სპასტიურობის მართვა საკმაოდ რთული საკითხია. 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან, სპასტიურობის სამართავად აქცენტი უნდა გაკეთდეს მკურნალობის ფიზიკურ მეთოდებზე - პოზიციონირება, ფიზიკური თერაპია. კოჭ-წვივის რიგიდული ან სახსრიანი ორთეზები. 3 წლიდან, სპასტიურობის შესამცირებლად (თუ სპასტიურობა უშლის მათ ფუნქციურ განვითარებას ან აუარესებს სიარულის ფუნქციას) შესაძლებელია დამატებით ბოტულინის ტოქსინის ინექციების გამოყენება. ბოტულინის ტოქსინის ეფექტურობის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია მისი გამოყენება გაგრძელდეს რამოდენიმე წლის განმავლობაში. კლინიკური და ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით სპასტიურობის სამკურნალოდ გამოიყენება ყველა შესაძლო და ხელმისაწვდომი მეთოდი.

დასკვნა:
ცერებრული დამბლის დროს, სპასტიურობის მკურნალობა არ არის მიზანი. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს, მთელ რიგ შემთხვევებში, სპასტიურობა “ეხმარებათ” გარკვეული მოძრაობების შესრულებაში და პოსტურალური (პოზის შენარჩუნების) მექანიზმების განხორციელებაში. ამდენად სპასტიურობის მკურნალობაზე აქცენტი უნდა გაკეთდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის უშლის ბავშვის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სპასტიურობა არის ცენტრალური ნერვული სისტემის (ზედა მოტონეირონის) დაზიანების შედეგი, რასაც აგრეთვე ახლავს მოძრაობის შეზღუდვა, უხერხულობა, სისუსტე და სწრაფი დაღლა. ბალანსისა და მოძრაობის დაგეგმვის დარღვევა აგრეთვე ხშირი სიმპტომია ცერებრული დამბლის დროს. მკურნალობის ეფექტური, მიზანზე ორიენტირებული გეგმის შემუშავებისათვის, ძალზედ მნიშვნელოვანია ფუნქციური უნარების შესრულების და განვითარების ხელისშემშლელი მიზეზების ამოცნობა და არა ყველა პრობლემის კუნთთა მაღალი სპასტიურობით ახსნა.
უნდა გვახსოვდეს რომ ერთი პრობლემის მკურნალობა არ ნიშნავს ავტომატურად სხვა საკითხების მოგვარებასაც.
ცერებრული დამბლის დროს, ბავშვის ფუნქციური მდგომარეობის განვითარების ხელისშემშლელი მიზეზების ამოცნობა (მათ შორის სპასტიურობისა) და მკურნალობის სწორი და ეფექტური გეგმის შედგენა და განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომის შემთხვევაში.


© 2021