საქართველოში პაციენტის უფლებები აღიარებულია და რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ადგილობრივი კანონების შესაბამისად.
უსაფრთხო, ეფექტური და კომფორტული სარეაბილიტაციო მომსახურების უზრუნველყოფა ჩვენი კლინიკის თანამშრომელთა უმთავრესი ამოცანაა, რომელიც ჩვენი მომსახურების მოსარგებლეებთან თანამშრომლობით მიიღწევა. ეფექტური თანამშრომლობა ეფუძნება მხარეების უფლებებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერებას.
ჩვენს სარეაბილიტაციო კლინიკაში თქვენი, როგორც პაციენტის, უფლებებია:
ხარისხიანი სარეაბილიტაციო მომსახურების მიღება
ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ შემოგთავაზოთ ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი, სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო, ეფექტური და კვალიფიციური მომსახურება.
ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ რისკის ფაქტორებს: სათანადოდ ვუვლით და ვამოწმებთ გარემოსა და სამედიცინო მოწყობილობებს;
მონიტორინგისა და მუდმივი გადამზადების გზით ვზრუნავთ შეცდომის პრეცედენტების თავიდან აცილებასა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მომსახურების გაწევაზე.
დისკრიმინაციისაგან თავისუფალი მომსახურების მიღება
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს/მეურვეობის ქვეშ მყოფის ღირსებას, ტრადიციებს, აღმსარებლობასა და ფასეულობებს.
ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ გაგიწიოთ დისკრიმინაციისაგან თავისუფალი მომსახურება მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, გენეტიკური მემკვიდრეობისა, რწმენისა და აღმსარებლობისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, დაავადებისა, სექსუალური ორიენტაციის ანდა სხვა პიროვნული მახასიათებლებისა.
პერსონალიზებული მომსახურების მიღება
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ თქვენს/მეურვეობის ქვეშ მყოფის საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურება. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მოგაწოდოთ მაქსიმალურად თქვენზე ორიენტირებული, მოქნილი მომსახურება.
ინფორმაციის მიღება
თქვენ გაქვთ უფლება, დროულად, გასაგები ფორმით მიიღოთ სრული და ობიექტური ინფორმაცია თქვენი/მეურვეობის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შესაბამის მოქმედების გეგმაზე; შემოთავაზებული ანდა სარეაბილიტაციო მომსახურების სარგებელსა და ეფექტიანობაზე, თანმხლებ რისკსა და ალტერნატივაზე; სამედიცინო მომსახურების გამწევის ვინაობასა და პროფესიულ გამოცდილებაზე.
თქვენ გაქვთ უფლება, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მიიღოთ თქვენ/მეურვეობის ქვეშ მყოფის შესახებ არსებული სამედიცინო ჩანაწერის ნებისმიერი ნაწილის ასლი.
მომსახურების მიღებაზე თანხმობის, უარისა თუ შეწყვეტის განცხადება
სარეაბილიტაციო პროცესის დაწყების წინაპირობა თქვენი თანხმობაა.
თქვენთვის მნიშვნელოვანი და ამომწურავი ინფორმაციის მიღების საფუძველზე თქვენი უფლებაა, განაცხადოთ თანხმობა ან უარი სარეაბილიტაციო პროცესის დაწყებაზე, იმავდროულად, შეწყვიტოთ დაწყებული მომსახურება შესაბამისი მოსალოდნელი შედეგების შესახებ მიღებული ინფორმაციის გაცნობიერების საფუძველზე.
თქვენ გაქვთ უფლება, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, სარეაბილიტაციო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში თქვენთან მომუშავე გუნდთან ერთად, ხოლო სურვილის შემთხვევაში - ახლობლის/ მხარდამჭერის თანდასწრებით.
სწავლების პროცესში მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღება
რადგან ჩვენი კლინიკა საუნივერსიტეტო კლინიკაა, ერთ-ერთი ამოცანა რეაბილიტაციის დარგის სპეციალისტების განათლებაა. განათლების პროცესის განუყოფელი ნაწილია პრაქტიკის კომპონენტი.
თქვენი უფლებაა, უარი განაცხადოთ იმაზე, რომ კლინიკაში თქვენი/მეურვეობის ქვეშ მყოფის მომსახურების პროცესი მოიცავდეს რეაბილიტაციის დარგის წარმომადგენლების სწავლების პროცესს. 16 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში მონაწილეობაზე თანხმობისა თუ უარის განმცხადებელი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელია.
თავისუფალი არჩევანი
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ შესაბამისი ინფორმაცია და მის საფუძველზე თავისუფლად აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მომსახურების მომწოდებელი, მიმართოთ სხვა სპეციალისტს ანდა მოიძიოთ ე.წ. „მეორე აზრი“ თქვენი/მეურვეობის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობასა თუ სარეაბილიტაციო პროცესთან დაკავშირებით.
პირადი სივრცისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
თქვენ გაქვთ პირადი, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული, ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობის უფლება.
კლინიკაში თქვენ/მეურვეობის ქვეშ მყოფის შესახებ არსებული ინფორმაცია დაცულია მათ მიერ, ვინც უშუალოდ გიწევთ მომსახურებას. მესამე პირისათვის პირადი ინფორმაცია შესაძლებელია გაზიარდეს მხოლოდ თქვენი თანხმობით ან კანონით გათვალისწინებული წესებით.
პაციენტების დროის პატივისცემა
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ საჭირო მომსახურება სწრაფად, წინასწარ განსაზღვრული განრიგითა და ვადებით. მოთხოვნის საფუძველზე და კონფიდენციალურობის დაცვის ფარგლებში უფლება გაქვთ, გაიაროთ კონსულტაცია კლინიკის მომლოდინეთა სიის შესახებ.
უკმაყოფილება და გასაჩივრება
თქვენ გაქვთ უფლება, გამოხატოთ უკმაყოფილება ან გაასაჩივროთ მომსახურების ესა თუ ის საკითხი, თუ მიიჩნევთ, რომ დაირღვა თქვენი/მეურვეობის ქვეშ მყოფის უფლებები. ეს არ იმოქმედებს მომსახურების ხარისხზე.
ჩვენს სარეაბილიტაციო კლინიკაში თქვენი, როგორც პაციენტის, ვალდებულებებია:
შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება
გთხოვთ, მიაწოდოთ ზუსტი, სრულყოფილი და განახლებული ინფორმაცია რეაბილიტაციის გუნდს თქვენი/მეურვეობის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის, ტკივილის შესახებ.
ეს დაგვეხმარება, თავიდან ავიცილოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება და დავიცვათ სხვა პირთა ჯანმრთელობაც.
აქტიური მონაწილეობა
გთხოვთ, აქტიურად ითანამშრომლოთ კლინიკის პერსონალთან: თავისუფლად დასვათ შეკითხვები, დააზუსტოთ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და დაიცვათ თქვენს/მეურვეობის ქვეშ მყოფის ექიმსა და რეაბილიტაციის გუნდთან შეთანხმებული რეკომენდაციები.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენც გეკისრებათ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, მკურნალობაზე უარის თქმასა ანდა გუნდის წევრებთან შეთანხმებული მითითებების დარღვევაზე.
ეთიკური ქცევა
გთხოვთ, დაიცვათ საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკური ქცევის ნორმები: პატივისცემით მოეკიდეთ გარშემომყოფებს; გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ხმაური, შესაძლებელია, ხელს უშლიდეს სამუშაო პროცესს; თანმხლებ პირთა ან მნახველთა ყოლის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ ისინიც იცავენ ქცევის ნორმებს.
გთხოვთ, ვიდეო ან აუდიოჩანაწერის გაკეთების სურვილისას წინასწარ აიღოთ წერილობითი თანხმობა კლინიკაში თქვენი ექიმისა და თერაპევტისაგან.
პუნქტუალობა
გთხოვთ, დაიცვათ სარეაბილიტაციო პროცედურების ჩატარების ვადები და საათები. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ მოსვლას დაგეგმილ შეხვედრაზე, ამის შესახებ წინასწარ აცნობეთ რეგისტრატურას.
კლინიკის წესებისა და რეგულაციების დაცვა
გთხოვთ, დაიცვათ კლინიკის მიერ დადგენილი წესები და რეგულაციები. თანმხლებ პირთა ან მნახველთა ყოლის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ ისინიც იცავენ მათ.
გაუფრთხილდით თქვენს, სხვა ადამიანებისა და კლინიკის ნივთებს, აღჭურვილობასა და ქონებას.
დროულად დაფარეთ გაწეული სარეაბილიტაციო მომსახურების ღირებულება. არსებობის შემთხვევაში, თავისუფლად დასვით თქვენი მომსახურების ანგარიშთან დაკავშირებული შეკითხვები.
თუ გაქვთ შეკითხვები თქვენს უფლებებთან დაკავშირებით, ან გსურთ ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული საკითხის განმარტება, ან თუ ფიქრობთ, რომ ირღვევა თქვენი უფლებები, დაგვიკავშირდით:
იმავდროულად, შეგიძლიათ მიმართოთ: