კენ ვოლკერის შესახებ

მთავარიკენ ვოლკერის შესახებ

ჰენრი კენეტ ვოლკერი Emory-ს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მედიცინისა და ნევროლოგიის პროფესორი, როლინსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის გლობალური ჯანმრთელობის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქეა.

ოქსფორდის კოლეჯის დასრულების შემდეგ კენ ვოლკერმა მედიცინის დიპლომი და ხარისხი Emory-ს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მიიღო. მისი სამოცწლიანი კარიერა აღწერს შეუდარებელ ერთგულებას გრეიდის მემორიალური ჰოსპიტლის მიმართ (აშშ, ატლანტა). გრეიდისთან პროფესორი ვოლკერის კავშირი ჯერ კიდევ 1958 წელს დაიწყო, როდესაც იგი მესამე კურსის სტუდენტი იყო. 1965 წელს, რეზიდენტურის დასრულების შემდგომ, მან გრეიდი მხოლოდ ორი წლით დატოვა ვიეტნამის ომში აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობის გამო. პროფესორი ვოლკერი 1967 წელს გრეიდიში დაბრუნდა, ხოლო 1970 წელს გახდა ფაკულტეტის წევრი და დასაქმდა Emory-ს უნივერსიტეტის მედიცინის სამსახურის უფროსის თანაშემწედ. მოგვიანებით პროფესორ ვოლკერს პატივი მიაგეს გრეიდის „თეთრი ხალათების გალაზე“ 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი მუშაობისათვის.


კენ ვოლკერი აქტიურად იყო ჩართული გლობალური ჯანდაცვის სფეროში. ამ მიმართულებით მუშაობდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. ამერიკელმა პროფესორმა დიდი გავლენა იქონია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომხდარ ძვრებზეც.

აღსანიშნავია, რომ პროფესორი კენეტ ვოლკერი საქართველოს პირველად 1992 წელს USAID-ის პროგრამის („Georgia to Georgia“) ფარგლებში ეწვია.  ამერიკული კორპორაციის („პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ - PfiD) აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლკერმა უხელმძღვანელა ატლანტა-თბილისის საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებათა პარტნიორობას. მისი ძალისხმევით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და Emory-ს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას შორის ამოქმედდა გაცვლითი პროგრამები სტუდენტების, კლინიკური და აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის. კენ ვოლკერმა ხელი შეუწყო ბევრი ქართველი ახალგაზრდის კარიერულ წინსვლას ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოსა და ატლანტის პარტნიორობის ფარგლებში ამ დრომდე არაერთი პროექტი განხორციელებულა. თანამშრომლობა ამჟამადაც აქტიურია და მომავალშიც შეუწყობს ხელს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ხარისხის გაუმჯობესებას.

კენ ვოლკერის ძალისხმევით დაიწყო საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განათლების მენეჯმენტის შემუშავება საშუალო დონის საავადმყოფოს ადმინისტრატორებისათვის: შეიქმნა თანამედროვე სასწრაფო დახმარების ოთახი; გადამზადდნენ პრაქტიკოსი ექთნები და ფუნქციონირება დაიწყო საექთნო სკოლამ (რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ექთნების დიპლომისშემდგომ განათლებასა და სერტიფიცირებას). მოგვიანებით, 2018 წელს კი დაარსდა კენ ვოლკერის ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი; ქართველ მეცნიერებსა და ექიმებთან ერთად დაიწყო მუშაობა ქვეყანაში შიდსსა და ტუბერკულოზთან დაკავშირებულ საკითხებზე. კენ ვოლკერი იყო საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების როგორც სპეციალობის, ისე საექთნო პროფესიის გაუმჯობესების ინიციატორი და მთავარი გულშემატკივარი.

2005 წელს პროფესორ ვოლკერს გადაეცა თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქის სტატუსი. 2016 წელს ჯორჯიის საავადმყოფოების ასოციაციამ მას უმაღლესი ჯილდო გადასცა სიცოცხლის განმავლობაში მიღწეული გმირობისათვის.

ცხოვრების მანძილზე დოქტორი ვოლკერი საკუთარ კარიერას უძღვნიდა მედიცინის სტუდენტების განათლებასა და მომზადებას. იგი ორიენტირებული იყო Emory-ს უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის რეზიდენტურის პროგრამებზე, კლინიკურ სწავლებაზე, ე.წ. კლერკშიპებსა და უახლესი კლინიკური მეთოდების კურსებზე. პირადად მან აღზარდა და გაწვრთნა ყველაზე მეტი შინაგანი მედიცინის რეზიდენტი, ვიდრე Emory-ს რომელიმე სხვა პროფესორმა. ძლიერი მენტორული უნარ-ჩვევების საშუალებით ბევრმა სამედიცინო რეზიდენტმა, სტუდენტმა და კოლეგამ შეიძინა ღირებული ცოდნა ერთგულების, პროფესიონალიზმისა და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარების შესახებ.

2012 წელს პროფესორ კენეტ ვოლკერის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და Emory-ს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (ESOM) წარმატებული თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე დასავლური სტილის სამედიცინო განათლების მოდელს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას შეერთებული შტატების სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებზე (USMLE).

კენ ვოლკერის ერთ-ერთი უკანასკნელი პროექტია „ფიზიკური რეაბილიტაციის განვითარება საქართველოში“. 2017 წლის სექტემბრიდან სწორედ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს Emory-ს უნივერსიტეტი საქართველოში. პროექტის პარტნიორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ (PfiD) და ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ (CIL). პროექტი დღემდე წარმატებით მიმდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტის მისიაა საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის ხარისხის გაუმჯობესება, ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისებსა და დამხმარე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა. პროექტის გრძელვადიანი მიზანია, გაუმჯობესდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხი, რათა მათ შეძლონ თავისუფლად ჩართვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში.

ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პროფესიული განვითარების პროგრამებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით Emory-ს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა პარტნიორობს კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკასთან. სამწუხაროდ, ფიზიკური რეაბილიტაციის განვითარების პროექტი პროფესორ ვოლკერის ბოლო პროექტი აღმოჩნდა საქართველოსათვის. 2018 წლის 1-ლ მარტს აშშ-ში დაგეგმილ ღონისძიებაზე მას უნდა მინიჭებოდა „Emory-ს კურსდამთავრებულთა უმაღლესი ჯილდო“, თუმცა ცერემონიამდე ერთი კვირით ადრე იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. მის ნაცვლად საპატიო მედალი გადაეცა Emory-ს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორს, არჩილ უნდილაშვილს, რომელიც 14 წლის განმავლობაში მუშაობდა პროფესორ ვოლკერთან, ამჟამად კი წარმოადგენს ატლანტა-თბილისის პარტნიორობის პროექტებს.

ჰენრი კენეტ ვოლკერი 2018 წლის 22 თებერვალს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ატლანტაში მიმდინარე გამოსამშვიდობებელი დღის პარალელურად თბილისში პროფესორ ვოლკერის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მისი კოლეგები და სტუდენტები შეიკრიბნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე, რომლის დასრულების შემდეგაც კენ ვოლკერის ფოტო ყვავილებით შეამკეს და მონაწილეობა მიიღეს სანთლების სიმბოლურ ცერემონიალში.

საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ უდიდესი დანაკარგი განიცადა კენ ვოლკერის გარდაცვალების გამო. ქართველებზე უზომოდ შეყვარებული ამერიკელი პროფესორი დაკრძალეს ჯორჯიის შტატში მდებარე ოლქის (ვაშინგტონში) პატარა პატრიმონიულ სასაფლაოზე დედის გვერდით.

© 2024, kwclinic.ge