ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება
(საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი N27)
კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა გთავაზობთ სხვადასხვა მიმართულებით საგანმანათლებლო მომსახურებას.
სპეციალისტებისათვის
სპეციალისტების გადამზადება მოიაზრებს 3 ძირითად მიმართულებას:
1. უწყვეტი განათლება თანამშრომლებისათვის
კლინიკა ხელს უწყობს სპეციალისტებს, მიიღონ ინფორმაცია არსებული ან ახალი ტიპის თერაპიულ მიდგომებზე, კვლევებზე, შეფასებებსა თუ ჩარევის მეთოდებზე. კლინიკა უზრუნველყოფს ყოველთვიურ შეხვედრებსაც, რომლებზეც განიხილება კონკრეტული საინტერესო შემთხვევები, სამუშაო პროცესში გამოვლენილი მიგნებები, კვლევის შედეგები და სხვა;
2. აკრედიტებული და ზოგადი სატრენინგო მომსახურება, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება და მასპინძლობა
დამატებითი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კლინიკა გთავაზობთ სატრენინგო მოდულებს, სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციებს. ტრენინგებს ატარებენ სხვადასხვა დარგის ადგილობრივი თუ უცხოელი სპეციალისტები. იმავდროულად, პროფესიული ზრდის მიზნით კლინიკა ატარებს სამუშაო შეხვედრებს და მასპინძლობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებს. სამუშაო შეხვედრებისა თუ კონფერენციების ჩატარების მიზანია პროფესიონალებს შორის ღირებული, თანამედროვე და განახლებული ინფორმაციის გაზიარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი მიდგომებისა და თერაპიული პროცესების პრაქტიკაში დანერგვას;
3. კლინიკური პრაქტიკა
სტუდენტებსა (ენისა და მეტყველების, ფიზიკურ, ოკუპაციურ თერაპევტებს, ფსიქოლოგებსა თუ რეაბილიტოლოგებს) თუ ახალდამთავრებულ სპეციალისტებს ეძლევათ საშუალება, სპეციალისტების ზედამხედველობით აქტიურად ჩაერთონ გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში.
მშობლებისა და ოჯახის წევრებისათვის
რაც უფრო მეტადაა ჩართული მშობელი ან ოჯახის წევრი ბავშვის განვითარების პროცესში, მით უფრო მაღალია ბავშვის აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამის წარმატების ალბათობა. მშობლების ჩართულობაში იგულისხმება მათი აქტიური მონაწილეობა ბავშვის აბილიტაციის/რეაბილიტაციის ყველა ეტაპზე, კერძოდ, პროგრამის დაგეგმვის, განხორციელებისა და გადაფასებისას. თუმცა ეს პროცესი რთულდება, თუ მშობელს არ აქვს საკმარისი ცოდნა ან ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომლებიც შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.
ბავშვთა ოჯახების დახმარების მიზნით კლინიკა გთავაზობთ შემდეგი ტიპის მომსახურებას:
1. ინდივიდუალური კონსულტაცია
კენ ვოლკერის კლინიკის ყველა სპეციალისტი ატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციას. ამასთან, ყველა დაინტერესებულ პირს გთავაზობთ ერთჯერად კონსულტაციასა და შეფასების სერვისს.
2. ჯგუფური სამუშაო შეხვედრები
კენ ვოლკერის კლინიკა მშობლებს ყოველთვიურად სთავაზობს სამუშაო შეხვედრების ჩატარებას კლინიკაში მომუშავე თუ მოწვეულ სპეციალისტებთან. შეხვედრების დროს დეტალურად განიხილება მშობლებისათვის საინტერესო სხვადასხვა საკითხი. ყველა ბავშვის მშობელი აქტიურადაა ჩართული მულტიდისციპლინურ გუნდურ შეხვედრებში, რომელთა დროსაც სპეციალისტები განიხილავენ თერაპიის შედეგებსა და სამოქმედო გეგმას.
საზოგადოებისათვის
კლინიკა ცდილობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, ესენია: მაღალკვალიფიციური სპეციალისტების არსებობის საჭიროება და მათი განვითარების ხელშეწყობა; რეაბილიტაციის/აბილიტაციის საჭიროება და ხელმისაწვდომობის აუცილებლობა; გარემოს მორგება, დამხმარე საშუალებების ინდივიდუალური უზრუნველყოფა და ა.შ.
საზოგადოებაში შესაბამისი განათლების ხელშეწყობისათვის კლინიკა მიმართავს შემდეგ სტრატეგიებს:
1. ხელმისაწვდომი საინფორმაციო მასალების შექმნა და გავრცელება
კლინიკა საზოგადოებას მუდმივად სთავაზობს განახლებულ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას (ბროშურას, ლიფლეტს ან სტატიას) არსებული ან ახალი მომსახურების შესახებ; დამატებით ვებ ან Facebook გვერდზე აქვეყნებს ახალ სასწავლო-საინფორმაციო ვიდეომასალას, რომელიც აქტუალურია ან საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.
კლინიკის თანამშრომლები და სპეციალისტები სტუმრობენ ტელე ან რადიოგადაცემებს და განიხილავენ საზოგადოებისათვის საინტერესო სხვადასხვა თემას.
2. ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება და მასპინძლობა
სხვადასხვა დარგის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები ატარებენ ტრენინგებსა და კონფერენციებს საზოგადოებისათვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე. შეხვედრების მიზანია კონკრეტულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სიახლეების გაზიარება.
3. ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების ჩატარება და მონაწილეობა
სხვადასხვა საკითხის გამოვლენისა და ეფექტურობის დადგენის მიზნით კენ ვოლკერის კლინიკა მუდმივად ატარებს კვლევებს. კლინიკის სპეციალისტები პერმანენტულად მონაწილეობენ საერთაშორისო კვლევებში, რაც მათ საშუალებას აძლევს, მუდმივად მიიღონ ახალი, ღირებული ინფორმაცია და საქართველოში მიღებული შედეგები საერთაშორისო საზოგადოებასაც გაუზიარონ.
კლინიკა არის შემდეგი სახელმწიფო პროგრამების პროვაიდერი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფედერალური პროგრამები:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამები: