სიახლეები

მთავარისიახლეები

პედიატრიული სავარძელ-ეტლი

          პედიატრიული სავარძელ-ეტლი 

 

როდესაც ბავშვისთვის სავარძელ-ეტლის შერჩევაზე ფიქრობთ

გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლიდან  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ახალი ტიპის ,,საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული სავარძელ-ეტლის უზრუნველყოფის ვაუჩერი“ გაჩნდა სპეციალურად ბავშვებისათვის.

ვაუჩერის დაფინანსებაში შედის:

1. კვალიფიციური, სპეციალურად მომზადებული სპეციალისტის მომსახურება

 2. ბავშვის უზრუნველყოფა ეტლით.

სპეციალისტის მომსახურება გულისხმობს: ბავშვისა და ოჯახის საჭიროებების შესწავლას, აღმართული და კომფორტული ჯდომის პოზისათვის ეტლის მახასიათებლების, დამატებითი დამჭერებისა და ბალიშის ფორმის დადგენას, ეტლისა და დამხმარე დამჭერების დაყენებას ბავშვის სხეულის ზომების შესაბამისად, უშუალოდ ბავშვის სხეულზე ეტლის მორგებას და მისი გამოყენებისა და მოვლის სწავლებას. შესაბამისად, ეტლსაც, რომელიც ბავშვს გადაეცემა, გარდა საბავშვო ზომისა, შესაბამისი მახასიათებლები და ის დამატებითი კომპონენტები აქვს, რომლებიც აღმართულ ჯდომას უზრუნველყოფს: დამჭერები, ღვედები, ფორმირებული ბალიში.   

შესაბამისი ეტლი და სპეციალისტის მომსახურების პროცესი უზრუნველყოფს ბავშვის აღმართულ და კომფორტულ ჯდომას. ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მთელი ოჯახის ცხოვრების ხარისხს: ხელს უწყობს ბავშვის ჩაბმას სხვადასხვა აქტივობაში, ფართოვდება გარემოს აღქმის ველი და თვალსაწიერი, ხელები თავისუფლდება საგნებით მანიპულაციისათვის, ბავშვის გადაადგილება მარტივდება, სხეულის პოზის დამატებითი დამჭერები უზრუნველყოფს სასუნთქი, მონელებისა და სისხლის მიმოქცევის სისტემების უკეთეს ფუნქციონირებას, ფერხდება დეფორმაციისა და მოძრაობის შეზღუდვის განვითარების რისკი.

 

ვის სჭირდება საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული სავარძელ-ეტლი?

ბავშვს, რომელსაც  აქვს:

  • ჯდომისას წონასწორობის შენარჩუნების გამოხატული სირთულეები: იხრება ან ყირავდება რომელიმე მხარეს (გვერდებზე, წინ ან უკან), ცურდება სკამიდან,  უჭირს თავის აღმართულ მდგომარეობაში დაჭერა;
  • მსუბუქი ან საშუალო  სიმძიმის პოზის დეფორმაციები ან დეფორმაციის ტენდენციები; კომპლექსური, ფიქსირებული დეფორმაციები: სკოლიოზი, კიფოზი, შეზღუდული მოძრაობა მენჯის, მუხლის ან ტერფის სახსარში;
  • უნებლიე მოძრაობები, სპაზმი, სახსრების დაჭიმულობა და კუნთთა მაღალი ტონუსი;
  • დამატებითი საყრდენის გარეშე ჯდომისას ჩივილები: სისუსტე, დაღლილობა, ტკივილი ან დისკომფორტი.

 

რა არის საჭირო საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული სავარძელეტლის ვაუჩერის მისაღებად?

  1. საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლის ვაუჩერის მიღების თაობაზე განცხადება, რომელსაც ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი წერს საბუთების ჩაბარებისას სოციალური მომსახურების სააგენტოში;
  2. ბავშვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, რომელიც ადასტურებს შეზღუდულ შესაძლებლობას;
  4. განმცხადებლის (მშობლის/ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
  5. ბავშვზე გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა N IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ზემოაღწერილთაგან ბავშვის შესაბამისი საჭიროება (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. საქართველოს მთავრობის დადგენილება N634, 2021 წ, 31 დეკემბერი, ,,სოციალური რეაბილიტაციის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა“, გვ. 44).

 

როგორ ვიქცევით ვაუჩერის მიღების შემდეგ?

ვაუჩერთან ერთად თქვენ მიიღებთ იმ ორგანიზაციების ჩამონათვალსაც, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ამ მომსახურების მიმწოდებლებად.

თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენთვის სასურველ მიმწოდებელს, გაეცნოთ მათ პროდუქციას, მომსახურებას და  მომსახურების მისაღებად ვაუჩერი ჩააბაროთ შერჩეულ ორგანიზაციაში. ყურადღება მიაქციეთ ვაუჩერზე თანდართულ წერილში მითითებულ მოქმედების ვადას, რათა დროულად წარადგინოთ ვაუჩერი მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში.

იმავდროულად, მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ, რომ ორგანიზაციას ჰყავს შესაბამისად მომზადებული სპეციალისტი, რომელიც კომპეტენტური და გამოცდილია ბავშვისათვის აღმართული და კომფორტული ჯდომის პოზის უზრუნველსაყოფად დამხმარე საშუალებების შერჩევაში.

შპს ,,კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ არსებული დამხმარე საშუალებების ლაბორატორია საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული სავარძელეტლისა და მაღალკვალიფიციური მომსახურების მიმწოდებელია. აქ გუნდურად მუშაობენ ზემოხსენებულ მომსახურებზე.

ამავე ლაბორატორიაში შესაძლებელია სკამისა და მაგიდის, სკოლის მერხისა და სხვა დამხმარე საშუალებების დამზადება და მორგება ბავშვის საჭიროებებზე დაყრდნობით.  

ვაუჩერის მიღების შემთხვევაში მომსახურების მისაღებად მოგვმართეთ: +995 599 38 18 76,  ილია ვალშაკოვი, დამხმარე საშუალებების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ვაუჩერის შესახებ კონსულტაციის მისაღებად მოგვმართეთ: +995 577 44 87 19,  ნინო რუხაძე, ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი.


© 2021