სიახლეები
ემორის უნივერსიტეტიდან მოწვეულმა სპეციალისტმა, ფიზიკურმა თერაპევტმა გეილ ფრაიდჰოფ ბოჰმანმა ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარა პრაქტიკული სახის ტრენინგი - „ვარჯიშები სქოლიოზის დროს". სწავლების მიზანი იყო მოქმედი ფიზიკური თერაპევტებისთვის ამ მიმართულებით უნარების განვითარება.
სქოლიოზის დროს შესაბამისი ვარჯიშების შერჩევისა და განხორციელების უახლესი მეთოდების შესახებ პრაქტიკულ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ფიზიკურმა თერაპევტებმა „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკიდან”, ზუგდიდში არსებული სარეაბილიტაციო ცენტრიდან, „თანაზიარიდან“ და დარგის მომავალმა სპეციალისტებმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებმა.
ემორის უნივერსიტეტის სპეციალისტი, ფიზიკური თერაპევტი გეილ ფრაიდჰოფ ბოჰმანი საქართველოში 1 თვით იმყოფებოდა. ამერიკელი სპეციალისტი პროექტის ფარგლებში ჩვენს ქვეყანას პირველად 2017 წელს ეწვია. იგი 1 წლის განმავლობაში უძღვებოდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ პროფესიულ სწავლებას. ასევე, აქტიურად იყო ჩართული ზრდასრულთა მიმართულებით მომუშავე ფიზიკური თერაპევტების კლინიკურ სწავლებაში.
„ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში" 2017 წლიდან მიმდინარეობს აშშ განვითარების სააგენტოს, USAID-ის მხარდაჭერით. პროექტის მთავარი განმახორციელებელი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაა საქართველოში მოქმედ მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად:
-კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის" (PFID),
-„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" (CIL),
-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (TSMU).
USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის აქტივობების მიზანია საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის ხარისხის გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობა სარეაბილიტაციო სერვისებსა და დამხმარე ტექნოლოგიებზე. პროექტი ხელს უწყობს გრძელვადიან მიზანს, - შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, თავისუფლად ჩაერთონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში.