სიახლეები
თუმცა, მიუხედავად შედეგების სიმძიმისა, ინსულტის შემდგომმა ეფექტურმა რეაბილიტაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი და აღადგინოს დაკარგული შესაძლებლობები. რეაბილიტაცია ინსულტის მკურნალობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს დაკარგული ფუნქციების აღდგენას და ახალ რეალობასთან ადაპტაციას.
ინსულტის მკურნალობა ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების - ნევროლოგების, ფიზიოთერაპევტების, მეტყველების თერაპევტების, ფსიქოლოგების მონაწილეობას. თითოეულ პაციენტს სჭირდება ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მისი მდგომარეობის თავისებურებებს და სპეციფიკურ საჭიროებებს. ამ სტატიაში განვიხილავთ რეაბილიტაციის ეტაპებს, აღდგენის მეთოდებს და მივცემთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება პაციენტებს და მათ ახლობლებს გაუმკლავდნენ ინსულტის შედეგებს და გააუმჯობესონ მათი ცხოვრების ხარისხი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ინსულტი არის “კლინიკური სინდრომი, რომელიც გრძელდება 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში და მოიცავს თავის ტვინის ფუნქციების ლოკალური (ან კომის შემთხვევაში - გლობალური) დარღვევის კლინიკურ ნიშნებს.
გამოყოფენ ინსულტის ორ განსხვავებულ ფორმას - იშემიური (რომელსაც წინ უძღვის არტერიის შევიწროება, ნაწილობრივი ან სრული ბლოკირება) და ჰემორაგიული (დაკავშირებული სისხლძარღვის დაზიანებასთან ან სრულ გასკდომასთან).
იშემიური ინსულტის რეაბილიტაცია მოიცავს აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვას და მათ შესრულებას. რეაბილიტაციის პროგრამის სტრუქტურა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ქსოვილების დაზიანების ხარისხსა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.
ჰემორაგიული ინსულტის მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიული, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროებდეს ქირურგიულ ჩარევას. თუმცა ორივე სახის ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის მეთოდები და პრინციპები ერთნაირია.
სიტყვა რეაბილიტაცია მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან habilitas, რაც „შესაძლებლობას“ ნიშნავს. ამგვარად, რეაბილიტაცია - „შესაძლებლობათა აღდგენაა“.
რეაბილიტაცია არის კომპლექსური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების შემცირებაზე, სიცოცხლის ხარისხისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის მაქსიმალურ გაუმჯობესებაზე.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია მიმართულია პიროვნების ფიზიოლოგიური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფუნქციების აღდგენისკენ, მისი ყოფით და სოციალურ გარემოში ოპტიმალურად ინტეგრაციისთვის.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ მხარდაჭერას სთავაზობს პირს; ეხმარება მას, შეძლებისდაგვარად აღიდგინოს დამოუკიდებლობა და გაიუმჯობესოს სიცოცხლის ხარისხი; ხელს უწყობს ჯანმრთელობის, ფუნქციონირებისა და კეთილდღეობის მაქსიმალური შესაძლო დონის მიღწევაში.
კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა გთავაზობთ მაღალი ხარისხის სრულ სამედიცინო სარეაბილიტაციო მომსახურებას მულტიდისციპლინური პროგრამით.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია ეხმარება პირს, სრულად ან ნაწილობრივ აღიდგინოს ინსულტის შედეგად დარღვეული ფუნქციები, თავიდან აითვისოს დაკარგული უნარები, დაეუფლოს ფუნქციონირების ახალ გზებს.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა პირი, მისი ოჯახი და რეაბილიტაციის დაწესებულების პერსონალი ერთ გუნდად მუშაობენ. გუნდი ეხმარება პაციენტს მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვაში, რომლებიც შეიძლება დაკორექტირდეს რეაბილიტაციის პროცესში.
რეაბილიტაციის დაწესებულების გუნდი სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებისგან შედგება, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენირება ნევროლოგიაში ან გააჩნიათ ნევროლოგიური დაავადებებით შეპყრობილ ბენეფიციარებთან მუშაობის გამოცდილება. ესენი არიან:
მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო გუნდის ლიდერი, რომელიც კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევს გუნდის მუშაობას არის ექიმი, რომელიც ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია/ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია (ექიმი-რეაბილიტოლოგი), ან ნევროლოგიაში/ბავშვთა ნევროლოგიაში (ექიმი ნევროლოგი/ბავშვთა ნევროლოგი), ასევე გავლილი აქვს სპეციალური ტრენირება სამედიცინო რეაბილიტაციაში ან გააჩნია ნევროლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბენეფიციარებთან მუშაობის გამოცდილება.
პაციენტის მდგომარეობის, საჭიროებებისა და სარეაბილიტაციო მკურნალობის მიზნების გათვალისწინებით, მულტიდისციპლინური გუნდის დამატებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წევრები არიან სოციალური მუშაკები, ფსიქიატრები, კარდიოლოგები, ხელოვნების თერაპევტები, ორთოპედ-ტრავმატოლოგები, ენდოკრინოლოგები და სხვ.
კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკის ექიმების გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც ატარებენ ინდივიდუალურ მდგომარეობასა და საჭიროებებზე მორგებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, თანამედროვე ტექნოლოგიების და მოწინავე მეთოდიკების გამოყენებით.
ვინაიდან ინსულტი ფუნდამენტურად ქრონიკული მდგომარეობაა, მისი რეაბილიტაცია მოიცავს ჩარევებს როგორც ადრეულ ეტაპზე - მწვავე, ჰოსპიტალურ პერიოდში, ასევე მოგვიანებით - ამბულატორიულ ან სპეციალიზებულ კლინიკებში.
რაც უფრო ადრე დაიწყება რეაბილიტაცია, მით უკეთესი იქნება შედეგი. იდეალურ შემთხვევაში, რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს ინსულტის სპეციალიზებულ ან ნევროლოგიურ სტაციონარში, მწვავე მდგომარეობის სტაბილიზაციისთანავე, რაც შეიძლება პირველ 48 საათშიც მოხდეს და შემდეგ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სტაციონარულ ან ამბულატორიულ პირობებში. სარეაბილიტაციო მკურნალობის ეფექტურობა განსაკუთრებით მაღალია ინსულტის განვითარებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში.
სტაციონარის პირობებში, პირველადი სარეაბილიტაციო ჩარევა მიმართულია პაციენტის ადრეულ მობილიზაციაზე, ნაწოლების და სახსრებში კონტრაქტურების განვითარების პრევენციაზე, სპასტიურობის (კუნთების დაჭიმულობის) შემცირებაზე, მეტყველების, სუნთქვის, ყლაპვის და კვების პროცესების შეფასებასა და კორექტირებაზე.
ნევროლოგიური განყოფილებიდან გაწერის შემდეგ, თუ პაციენტს შეუძლია დღეში მინიმუმ 3 საათის განმავლობაში ჩაერთოს აქტიურ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში, ის შესაძლოა გადაყვანილ იქნას სტაციონარულ სარეაბილიტაციო ცენტრში. შესაძლოა დაგეგმილი რეაბილიტაციის კურსი განხორციელდეს ამბულატორიულად, სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო კლინიკაში, რეაბილიტაციის განყოფილებაში, ან სახლის პირობებში.
რეაბილიტაციის ცენტრი, სტაციონარულ ან ამბულატორიულ პირობებში, უნდა უზრუნველყოფდეს ინტენსიურ, ინტერდისციპლინურ სარეაბილიტაციო დახმარებას, ექიმი-რეაბილიტოლოგის პირდაპირი მეთვალყურეობით. პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დღეში სულ მცირე 3-საათიანი სარეაბილიტაციო თერაპია (საჭიროებისა და რეაბილიტაციის მიზნების შესაბამისად - ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, მეტყველების თერაპია და სხვ), კვირაში სულ მცირე 5 დღის განმავლობაში.
პაციენტებს, რომლებიც ბინაზე ეწერებიან, მაგრამ სარეაბილიტაციო დახმარებას საჭიროებენ, ეს სერვისი უნდა მიეწოდოთ ამბულატორიულ სარეაბილიტაციო განყოფილებაში ან ბინაზე, გასვლითი მულტიდისციპლინური ჯგუფების საშუალებით (ექიმი, ფიზიკური, ოკუპაციური, მეტყველების თერაპევტები და სხვ). არასტაციონარული სარეაბილიტაციო თერაპია ასევე იმართება ექიმის მიერ, რომელიც ადგენს სარეაბილიტაციო გეგმას. ეს უკანასკნელი გადახედილი და განახლებული უნდა იქნას ყოველ 30 დღეში.
რეაბილიტაციის პროგრამის მიზნები, შინაარსი და ინტენსივობა მრავალ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა შორისაა:
რეაბილიტაცია უნდა მოერგოს თითოეული პირის ინდივიდუალურ საჭიროებებს, შესაბამისად - ყველა სარეაბილიტაციო პროგრამა განსხვავებულია. თუმცა, არსებობს რამდენიმე ზოგადი მიზანი, რომლებიც საერთოა ყველა პროგრამისთვის:
სარეაბილიტაციო გეგმის შედგენისას გასათვალისწინებელია, რომ რეაბილიტაციის მიზნები იყოს:
პაციენტს და მის ოჯახს უნდა მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია და მიეცეთ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ სერაბილიტაციო გეგმის შემუშავებაში.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამის მთავარი პრინციპია სწორად დაგეგმილი მოძრაობებისა და მოქმედებების მრავალჯერადი განმეორება. კვლევები გვიჩვენებს, რომ ამგვარი პრაქტიკის შედეგად, ნერვულ უჯრედებს შორის წარმოიქმნება ახალი კავშირები, რომლებიც ჩაანაცვლებს ძველ, დარღვეულ კავშირებს. ახალი კავშირებისა და გზების წარმოქმნის შედეგად კი, სხეულის ის ფუნქციები, რომლებიც თავის ტვინის დაზიანებული უბნიდან იმართებოდა, გადაეცემა თავის ტვინის სხვა, ჯანსაღ უბნებს. თავის ტვინის ამ უნიკალურ უნარს თავის ტვინის პლასტიურობა ანუ ნეიროპლასტიურობა ეწოდება და ის ნეირორეაბილიტაციის ნებისმიერი პროგრამის საფუძველს წარმოადგენს.
ინსულტის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობა ძირითადად მიმართულია - მოძრაობის უნარის (ფიზიკური თერაპია), მეტყველების და ყლაპვის უნარის (მეტყვლების თერაპია), ყოველდღიურ აქტივობებში მონაწილეობის და საკუთარი თავის მოვლისა (ოკუპაციური თერაპია) და კოგნიტური, კომუნიკაციური და ფსიქოლოგიური პრობლემების (ფსიქოლოგიური დახმარება) მოგვარებაზე.
რეაბილიტაციის პირველი ეტაპი იწყება დამოუკიდებელი მოძრაობის აღდგენის მცდელობით. ფიზიკური თერაპევტი ეხმარება პაციენტს, პასიური და აქტიური ვარჯიშის დახმარებით გააძლიეროს დასუსტებული კიდურები და გააუმჯობესოს მათი მოძრაობის უნარი. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს, თავიდან ისწავლოს საწოლში წამოჯდომა, საწოლიდან სკამზე გადაჯდომა, ადგომა, სიარული (დახმარებით ან დაუხმარებლად).
ფიზიკური აქტივობა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
მოძრაობის ანუ მოტორული ფუნქციის დარღვევა ინსულტის შემდეგ ხშირია და ვითარდება მაშინ, როცა დაზიანება მოიცავს კორტიკოსპინალურ სისტემას, ანუ თავის ტვინის ქერქის მოტორულ ზონას და კორტიკოსპინალურ გზას. კორტიკოსპინალური სისტემის დაზიანების ხარისხი და მასშტაბი პროგნოზულად ძალიან მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო მკურნალობის ეფექტურობისა და მოტორული ფუნქციების აღდგენის ხარისხის პრედიქციისათვის.
მობილობის ფუნქციებს მიეკუთვნება ადგომა, დაჯდომა, კიბეზე ასვლა-ჩასვლა, შემობრუნება, გადაჯდომა (მაგ. ეტლიდან საწოლზე ან საწოლიდან სკამზე), ეტლით გადაადგილება, სწრაფი სიარული, სიარული მოცემულ მანძილზე. ნებისმიერი ამ ფუნქციის დარღვევა დაკავშირებულია დაცემის გაზრდილ რისკთან.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ინსულტისშემდგომი რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია სიარულის და მასთან დაკავშირებული ფუნქციების აღდგენა.
მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ტრენირების საკვანძო პარამეტრებია:
მობილობის რეაბილიტაციის პროცესში, ფიზიკური თერაპიის დროს, შესაძლოა გამოყენებული იქნას სხვადასხვა თერაპიული აღჭურვილობა - მარტივი (ბურთი, ორძელი, შვედური კედელი და ა.შ) და ასევე თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები.
კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში ფუნციონირებს ფიზიკური თერაპიის დარბაზი, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ტექნიკით, სადაც ფიზიკური თერაპევტი ეხმარება პაციენტს ფიზიკური შეზღუდვის დაძლევა-ადაპტაციაში ინდივიდუალურად შერჩეული აქტივობებით. ფიზიკური თერაპიის პროცესში წარმატებით გამოიყენება აკვა, რობოტო და ელექტროთერაპია.
ოკუპაციური თერაპია ჯანმრთელობაზე ზრუნვის დარგია, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ადამიანს შეუქმნას ყოველდღიური ცხოვრების, პროდუქტიულობისა და დასვენების აქტივობების შესრულების შესაძლებლობა, საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების, აღდგენისა თუ კომპენსირების მეშვეობით.
ოკუპაციური თერაპევტი ეხმარება პაციენტს, აღიდგინოს ყოველდღიური ცხოვრების საბაზისო აქტივობების შესრულების უნარი, როგორიცაა: დაბანა, ჩაცმა, საპირფარეშოთი სარგებლობა და ა.შ.
ინსულტის შემდეგ პაციენტისათვის ოკუპაციური თერაპიის მომსახურების გაწევა ემსახურება იმ სირთულეების გადალახვას, რასაც ადამიანი პირადი აქტივობების შესრულებისას აწყდება. თერაპია შეიძლება შედგებოდეს აღდგენისა ანდა კომპენსატორული სტრატეგიებისაგან.
აღდგენის სტრატეგიები მოიცავს:
კომპენსატორული სტრატეგიები მოიცავს:
კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში ოკუპაციური თერაპევტი პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და მის ოჯახთან შეთანხმებით განსაზღვრავს სხვადასხვა საქმიანობების შესრულებისათვის საჭირო ტექნიკებს და ასწავლის მათ როგორც პაციენტს, ისე მის გარემოცვას.
ინსულტის შემდეგ დისფაგია (ყლაპვის გაძნელება) აღენიშნება პაციენტთა დაახლოებით 45-65%-ს, მათგან დაახლოებით ნახევარს კი უვითარდება ასპირაცია (სასუნთქ გზებში საკვების ან სითხის მოხვედრა). დისფაგიამ და ასპირაციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, კვებითი დეფიციტი, დეჰიდრატაცია, სხეულის მასის კლება და ზოგადად, სიცოცხლის ხარისხის გაუარესება. ასპირაცია შეიძლება იყოს „ფარული“ და კლინიკურად თვალშისაცემი არ იყოს. მისი ადრეული იდენტიფიკაცია სკრინინგის გზით ამცირებს ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების რისკს.
დისფაგიის მართვა და მკურნალობა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგი სახის ჩარევებს:
ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესებისა და ცხოვრებისეულ აქტივობებში აქტიური რეინტეგრაციის მისაღწევად, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის სტიმულირება მისი ძლიერი მხარეებისა და მისი კომპენსატორული სტრატეგიების იდენტიფიკაციით.
კოგნიტური ფუნქცია პოსტინსულტური რეაბილიტაციის წარმატების მნიშვნელოვანი დეტერმინანტია და მისი დარღვევა ასოცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან და შესაძლებლობათა შეზღუდვის ხარისხის გაზრდასთან. კოგნიტური სფეროებიდან ყველაზე ხშირად ზიანდება მეხსიერება, ორიენტაცია, მეტყველება და ყურადღება.
ინსულტის შემდეგ ხშირია კოგნიტური ფუნქციის სხვადასხვა კომპონენტის დარღვევა, როგორიცაა ყურადღება, ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე, უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქცია, ვერბალური და მხედველობითი მეხსიერება, მეტყველება და აღქმა.
კოგნიტური რეაბილიტაცია ზემოთაღნიშნული დარღვევების მკურნალობის არაფარმაკოლოგიური მეთოდია, რომელიც მიმართულია:
ბოლო დროს, დიდი ყურადღება ეთმობა ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის გამოყენებას კოგნიტური და ემოციური ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით. ფიზიკური ვარჯიშის კოგნიტურ ფუნქციაზე დადებითი ეფექტის ასასხსნელად შემოთავაზებულია რამდენიმე მექანიზმი:
ინსულტს ხშირად ახლავს კომუნიკაციური ფუნქციის დარღვევა. კომუნიკაცია აუცილებელია აქტივობათა უმრავლესობისთვის, ამიტომ მისმა დარღვევამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე.
კომუნიკაციის დარღვევები შეიძლება შეეხოს კომუნიკაციის სხვადასხვა ელემენტს, როგორიცაა ლაპარაკი, მოსმენა, კითხვა, წერა, ჟესტიკულაცია და პრაგმატიკა (საუბრის წარმართვის პრაქტიკული უნარი, კონტექსტის/სიტუაციის გათვალისწინებით). კომუნიკაციური დარღვევის არსებობა უარყოფითად აისახება ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, სოციალურ ჩართულობასა და სიცოცხლის ხარისხზე.
კომუნიკაციური დარღვევების შეფასებას და მკურნალობას, როგორც წესი, ატარებს მეტყველების სპეციალისტი. მკურნალობა მიზნად ისახავს კომუნიკაციის უნარის აღდგენას, პაციენტის დახმარებას საკომპენსაციო სტრატეგიების შემუშავებაში, ოჯახის წევრების კონსულტირებას და განათლებას დამხმარე კომუნიკაციური საშუალებების შესახებ, საბოლოოდ კი - პაციენტის იზოლაციის შემცირებას. კომპენსატორული და დამხმარე საშუალებები ვარირებს დაბალტექნოლოგიური სტრატეგიებიდან (ფანქარი და ქაღალდი, დაფები, წიგნები) მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებამდე (სმარტფონები და მეტყველების აპარატები).
კვლევებით ნაჩვენებია აფაზიის (მეტყველების დარღვევის) სარეაბილიტაციო მკურნალობის ეფექტურობა როგორც ინსულტის უმწვავეს სტადიაზე (მე-3 დღიდან), ასევე ქრონიკულ სტადიაზე (6 თვის შემდეგ). თუმცა, მკურნალობის მოცულობის, ინტენსივობის, ხანგრძლივობის და დროში განაწილების შესახებ კონსენსუსი არ არსებობს. მკურნალობის მეთოდებად შემოთავაზებულია ინდივიდუალური მუშაობა მეტყველების თერაპევტთან, ჯგუფური თერაპია, კომპიუტერიზებული ტრენინგი, ასევე კომუნიკაციური პარტნიორების (ოჯახის წევრების) ტრენირება.
ინსულტის შემდეგ გამოხატული მეტყველების დარღვევები ხელს უშლის ნორმალურ კომუნიკაციას და შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ინდივიდის სოციალურ ჩართულობაზე და სიცოცხლის ხარისხზე. ამრიგად, მისი უარყოფითი ფსიქოსოციალური ეფექტი შეიძლება არაპროპორციულად აღემატებოდეს სუფთა ფიზიოლოგიური დაზიანების სიმძიმეს. აქედან გამომდინარე, ქცევითი მართვის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და კონსულტაციას, ასევე კომუნიკაციური პარტნიორების განათლებას და გარემოს მოდიფიკაციას (მაგ. ხმაურის დონის შემცირება).
კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში ენისა და მეტყველების თერაპევტის მიერ სპეციალური ინსტრუმენტებისა და მეთოდების საშუალებით ხდება ყლაპვისა და მეტყველების უნარის შეფასება და შესაბამისი სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება.
ინსულტის შემდეგ მაქსიმალური დამოუკიდებლობის მისაღწევად პაციენტთა მნიშვნელოვან ნაწილს ესაჭიროება დამხმარე-ადაპტაციური საშუალებები, ორთეზები, სასიარულო მოწყობილობები, სავარძელ ეტლები.
ადაპტაციური საშუალებები გამოიყენება კვების, დაბანის, მოწესრიგების, ჩაცმის პროცესის გასაადვილებლად ფუნქციური დეფიციტის მქონე პაციენტებისთვის. ეს შეიძლება იყოს სპეციალურად ადაპტირებული ჭურჭელი, დანა-ჩანგალი, აბაზანის გრძელტარიანი ღრუბლები, შხაპის და აბაზანის სკამები, უნიტაზის ასამაღლებლები და ა.შ. ხშირად, ადაპტაციური საშულებები პაციენტებს ესაჭიროებათ რეაბილიტაციის ადრეულ სტადიაზე, მაგრამ არა გრძელვადიან პერსპექტივაში.
ინსულტი გავლენას ახდენს პაციენტის სიარულის პატერნზე და ზრდის დაცემის რისკს. აქედან გამომდინარე, პაციენტთა ნახევარზე მეტს ესაჭიროება დამხმარე საშუალება - ხელჯოხი, ყავარჯენი, სასიარულო ჩარჩო, ეტლი. სასიარულო მოწყობილობები ზრდის საყრდენი ბაზის ფართობს პაციენტის სიმძიმის ცენტრის ირგვლივ, აუმჯობესებს ბალანსს და ამცირებს სიარულისთვის საჭირო ფიზიკურ დაძაბულობას. პაციენტთა გამოკითხვები ცხადყოფას, რომ მათ ურჩევნიათ დაიწყონ სიარული დამხმარე მოწყობილობის საშუალებით, ვიდრე დაელოდონ სიარულის ნორმალური უნარის აღდგენას.
თუ პაციენტს უსაფრთხოდ სიარული არ შეუძლია დამხმარე მოწყობილობის გამოყენებითაც კი, მისი მობილობის უნარის გაზრდა შეიძლება სავარძელ ეტლით. ეტლის შერჩევა უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების და გარემოს პირობების გათვალისწინებით და პაციენტს და მომვლელებს უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი ტრენინგი.
ქვედა კიდურის მოტორული პრობლემების შემთხვევაში ხშირად გამოიყენება ორთეზები, პირველ რიგში კოჭ-წვივის ორთეზი. კვლევებით ნაჩვენებია კოჭ-წვივის ორთეზის დადებითი ეფექტი სიარულის ტემპზე. ნაბიჯის სიგრძეზე და წონასწორობაზე. თუმცა, კვლევათა უმრავლესობა ეხება მოკლევადიან ეფექტებს, რომლებიც ვლინდება უშუალოდ ორთეზის ტარების პროცესში. გრძელვადიანი პერსპექტივის განსაზღვრისთვის, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა პაციენტს ორთეზის მუდმივად ტარების სურვილი, უნდა შემოწმდეს არის თუ არა ის სწორად და კომფორტულად მორგებული და პაციენტისთვის ვიზუალურად მისაღები.
ძალიან მნიშვნელოვანია ბენეფიციარებისათვის დამხმარე საშუალებების (ორთეზი, ხელჯოხი, სასიარულო ჩარჩო, სავარძელ-ეტლი და სხვ.) შერჩევის, მორგებისა და გამოყენების სწავლების სერვისის უზრუნველყოფა. საცხოვრებლის ადაპტირების ხარისხის შეფასება და შეძლებისდაგვარად მისი მაქსიმალურად მორგება ინსულტის შემდგომ ჩამოყალიბებულ (დროებით ან ხანგრძლივად) შესაძლებლობებზე.
გარდა ჩამოთვლილისა, რეაბილიტაცია ასწავლის პაციენტს, როგორ მოახდინოს იმ შეზღუდვების კომპენსაცია, რომელთა გამოსწორებაც ვერ მოხერხდა სარეაბილიტაციო პროგრამის შედეგად. მაგალითად, პაციენტს შეიძლება დავეხმაროთ, ისწავლოს დაბანა და ჩაცმა მხოლოდ ერთი ხელის გამოყენებით; ან აითვისოს კომუნიკაცია დამხმარე საშუალებების გამოყენებით, თუ მეტყველების რეაბილიტაციის პროცესი ნელი ტემპით ან რთულად მიმდინარეობს.
ინსულტის შემდგომი, შედეგზე ორიენტირებული რეაბილიტაცია გულისხომობს სარეაბილიტაციო ღონისძიებების კომპლექსს რომელსაც ატარებენ დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური გუნდები. მხოლოდ კომპლექსური და მულტიდისციპლინური ჩარევის შემთხვევაში არის მოსალოდნელი კარგი ეფექტი.
ზოგადად, დღეისათვის, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგნოზი შედარებით უფრო კეთილსაიმედოა, ვიდრე წარსულში იყო, რაც მკურნალობასა და რეაბილიტაციაში მიღწეული წარმატებებით არის განპირობებული. თუმცა, გამოჯანსაღების ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა პაციენტს შორის და წინასწარ ძნელია განისაზღვროს, რომელი ფუნქცია აღდგება ამა თუ იმ პაციენტში, და როდის.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის წარმატებას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:
ჩვეულებრივ, აღდგენის ტემპი განსაკუთრებით მაღალია ინსულტის შემდეგ პირველი კვირებისა და თვეების განმავლობაში. თუმცა, არსებობს მონაცემები, რომ აღდგენა შეიძლება გაგრძელდეს ინსულტის განვითარებიდან 24 თვის შემდეგაც კი.
ოჯახის წევრებმა ინფორმაცია უნდა მიიღონ ინსულტით გამოწვეული ფიზიკური და გონებრივი ცვლილებების შესახებ, რათა უკეთ დაეხმარონ პაციენტს ფუნქციონირების ოპტიმალური დონის მიღწევაში. ინსულტის შემდეგ, დიდი ალბათობით, პიროვნების ქცევა შეცვლილი იქნება. ის შეიძლება გაღიზიანებული იყოს, ბრაზობდეს და ზოგჯერ არალოგიკურადაც იქცეოდეს. ეს ბრაზი და საყვედურები ხშირად ოჯახის წევრებისკენ შეიძლება იყოს მიმართული, მაგრამ ოჯახის წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ფსიქიკის შეცვლა ინსულტის ზემოქმედების შედეგია, არ მიიღონ საკუთარ თავზე და არ გაუნაწყენდნენ პაციენტს.
გვახსოვდეს, რომ რეაბილიტაციისა და აღდგენის პროცესთან ერთად, პირი დიდი ალბათობით აღიდგენს თავის ადრინდელ პიროვნულ თვისებებსაც. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა აქვს მოთმინებასა და პოზიტიურ განწყობას.
ოჯახის წევრებს და მეგობრებს რამდენიმე გზით შეუძლიათ დაეხმარონ პაციენტს გამოჯანსაღების პროცესში:
კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე. თბილისი: +995 32 211 20 20, ბათუმი: +995 577 777 052
თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ან თავის/ზურგის ტვინის ტრავმა, კენ ვოლკერის კლინიკაში ნევროლოგის კონსულტაცია უფასოა.
კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა მდებარეობს: თბილისში, მისამართი: გუდამაყრის ქუჩა N4 და ბათუმში, მისამართი: ტბეთის ქუჩა N4
კენ ვოლკერის კლინიკა მუშაობს: თბილისის ფილიალი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე, შაბათს 09:00-15:00 საათამდე. ბათუმის ფილიალი -ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე