სიახლეები

მთავარისიახლეები

არტ თერაპია

არტ თერაპია, თავისი არსით, პროცესით, არის ცოცხალი მოქმედი ძალა,

რომელიც ფსიქოთერაპიის ნაწილია და ხელოვნების საშუალებით გამოხატავს ადამიანის მდგომარეობას, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. ხელოვნებითი თერაპიის პროცესში ადამიანი ქმნის საკუთარ შემოქმედებით გზას, სადაც ცხადად ჩანს მისი საჭიროებები, ის ეხმარება ადამიანს წონასწორობის, მთლიანობის აღდგენაში და მასთან ერთად განვლილი, დაწყებული გზა თერაპიის დასრულების შემდეგაც მოქმედებს, როგორც ცოცხალი ძალა, აღმდგენი-მთლიანობისთვის. უძველესი დროიდან ადამიანი ხატავდა და ქმნიდა განცდილსა თუ განვლილს. ასე გამოჰქონდა მას თავისი ემოცია, ნაფიქრი, ტკივილი თუ სიხარული და ამოთქმულით თავისუფლდებოდა...

არტ თერაპია, ეს არის შექმნის პროცესი, სადაც გამოყენებულია ბუნებრივი მასალები: თიხა, საღებავი, საპნის ქაფი, ფერადი მატყლი, ნახშირი და ა.შ. ყველა ეს მასალა ადამიანის საჭიროებას ერგება, მისი არჩევანიდან იწყება პროცესი, რომელიც იცვლის ფერსაც და ფორმასაც. საკუთარი შესაძლებლობებით გამოწვეული ემოცია, გარედან გვანახებს ჩვენს პიროვნებას და საბოლოოდ იქმნება განსაკუთრებული, ინდივიდუალური გზა, წონასწორობაში მოსვლით, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურ-ემოციურად. პროცესი, რომელიც იწყება და ვითარდება, აერთიანებს ადამიანის აზრს, შეგრძნებას, ჩამოდის ფიზიკურში და საბოლოოდ განიცდის თავისუფლებას, ეხება უხილავს და მთლიანდება საკუთარ თავში. არტ თერაპია ადამიანის არაცნობიერს, გარდაქმნის ცნობიერში და აძლევს ძალას, წინ ნაბიჯის გადასადგმელად.

არტ თერაპიის პროცესის უკეთ შეცნობისთვის და მეტი თვალსაჩინოებისთვის, გთავაზობთ ერთ-ერთი მოზარდის განვლილ, გზას, სადაც მან თვითონ განიცადა მეტამორფოზი, შეკუმშვიდან - ამოსუნთქვამდე. რა იგულისხმება ამაში: თერაპიის დასაწყისში ის მეტად მორიდებული, უკანდახეული, საკუთარ თავში შეყუჟული, ჩუმი ახალგაზრდა იყო, უნდობლად მომზირალი საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.

ყოველი თერაპიული პროცესის დროს სჭირდებოდა დახმარება წასახალისებლად, როგორც ემოციურად ისე ფიზიკურად, რომ დაეჯერებინა შეუძლია შექმნას, დახატოს, სათქმელი ფერებით გამოხატოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - თავისუფლება იგრძნოს ამ ყველაფერთან ერთად.  

თერაპია იყო ხანგრძლივი, სიჩუმიდან ამოთქმამდე. და დაიწყო პროცესი რომელმაც არამარტო ფიზიკურად იმოქმედა არამედ ემოციურადაც.

ეს ნამუშევარი ხელოვნებითი თერაპიული პროცესის დროს თიხაზე მუშაობისას შეიქმნა. სადაც თვალნათლივ ჩანს ცვლილებების და გარდატეხის ასაკი. ამ დროს რომანტიკული ურთიერთობებიც წინა პლანზე გამოდის. მეგობრები, წრეები, მიკუთვნებულობა რომელიმე ჯგუფთან, სამეგობროსთან მნიშვნელოვანია მათთვის...

ქაფში ხატვისას, როდესაც მოძრაობაა ფერებით, ახალი განცდა და აღმოჩენაა. შედეგად არაკონკრეტულიდან თავისთავად ქმნის კონკრეტულს და ერქმევა შეგრძნებიდან სახელი.

მინდორი - დღისით და საღამოს.

თერაპიის მიწურულს ქაფში საღებავების საშუალებით შექმნა ბუნების ოთხ სეზონში მეტამორფოზული გარდაქმნა. ამ პროცესის მსვლელობაში, აღმოაჩენთ, თუ როგორ მთლიანდება სულიერი ფიზიკურში, გარდაიქმნება, შეკუმშვა ამოსუნთქვით, ადამიანი და საზღვრებში მოქცეული თავისუფლდება...

ხელოვნებითი თერაპიული პროცესის დროს შექმნილი გაზაფხული ....ამოძრავებული, აყვავებული, ახალგაზრდა ხე ....ლაღი და თავისუფალი.


თერაპიული გზის დასაწყისიდან .... აყვავებულ გაზაფხულამდე.

© 2020