სიახლეები
ყველა მოძრაობა რომელსაც ჩვენ ვასრულებთ შედგება კუნთთა გარკვეული ჯგუფების დაჭიმვის - მოძრაობაში მონაწილე და დამხმარე (აგონისტი) კუნთები და მოძრაობის მოწინააღმდეგე (ანტაგონისტი) კუნთების მოდუნების უწყვეტი პროცესებისაგან. ამდენად, ნებისმიერი მოძრაობის შესრულებისას ხდება: აგონისტი კუნთების დაჭიმვა, ანტაგონისტი კუნთების მოდუნება და დაგეგმილი მოძრაობის შერულება. იმის გამო რომ განვითარებული დაზიანების და შესაბამისად განვითარებული სპასტიურობის გამო ვერ ხდება მოძრაობის შესრულების მოწინააღმდეგე (ანტაგონისტი) კუნთების მოდუნება, სპასტიურობა ხელს უშლის ადამიანს გარკვეული მოძრაობის შესრულებაში. ასევე სპასტიურობა ხშირად იწვევს ტკივილს სპასტიურ კუნთებში და დისკომფორტს, კლონუსებს (ხშირი განმეორებთი მოძრაობები), სხეულის პოზის ცვლილებას და დეფორმაციებს.
სპასტიურობა - ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება კუნთთა ფიზიოლოგიური ტონუსის მომატება. სპასტიურობის განვითარების მიზეზი არის იმ უბნების დაზინება (ზედა მოტონეირონი), რომლებიც „ახდენენ“ მოძრაობის შესრულების და კუნთთა ტონუსის კონტროლს. სწორედ ზედა მოტონეირონის (თავის ტვინის მოტორული ზონა, ზურგის ტვინი) დაზიანების დროს დაზიანების დონის ქვემოთ ვლინდება მოძრაობის შესრულების გაძნელება ან სრული შეუძლებლობა და კუნთთა მომატებული სპასტიურობა. მდგომარეობები, რომელთა დროსაც გვხვდება სპასტიურობა არის ცერებრული დამბლა, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებები, ინსულტი და სხვ.
სპასტიურობა ხშირად არის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი სარეაბილიტაციო მკურნალობის ეფექტურად წარმართვაში და პაციენტის ფუნქციური გაუმჯობესების მიღწევაში.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სპასტიურობასთან ბრძოლა არ არის სარეაბილიტაციო მკურნალობის მიზანი. სპასტიურობის შემცირებაზე ზრუნვას მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო გუნდი იწყებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გარკვეულ კუნთებში მომატებული სპასტიურობა ხდება მოძრაობის შესრულების ხელის შემშლელი მიზეზი და შესაბამისად აფერხებს ფუნქციურ გაუმჯობესებას ან იწვევს ტკივილს სპასტიურ კუნთებში ან ჩნდება კონტრაკტურების (მოძრაობის სიფართის შეზღუდვა) და დეფორმაციების განვითარების საშიშროება.
სპასტიურობის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებებია:
ფიზიკური თერაპია;
ორთეზირება;
პოზიციონირება.
პერორალური (დასალევი) მედიკამენტები;
ბოტულინის ტოქსინის ინექციები;
ორთოპედიული ოპერაციები;
ინტრათეკალური ბაკლოფენის ტუმბოს ჩაკერება;
ნეიროტომიები და სელექტიური დორზალური რიზიტომია;
სპასტიურობის მართვის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი არის ბოტულინის ტოქსინის ინექციები სპასტიურ კუნთებში.
ბოტულინის ტოქსინი წარმოადგენს ბაქტერიების - Clostridium botulinum - ის მიერ გამოყოფილ ნეიროტოქსინს, რომელიც ბლოკავს იმპულსის გადაცემას ნერვიდან კუნთზე. სპასტიურობის შესამცირებლად, საინექციოდ გამოიყენება ამ ტოქსინის გასუფთავებული ფორმა. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ მხოლოდ ქვეყანაში ლეცენზირებულ მწარმოებლების მიერ მოწოდებულ, საუკეთესო ხარისხის ბოტულოტოქსინის პრეპარატებს:
ბოტოქსი (BOTOX);
დისპორტი (DYSPORT);
ქსეომინი (XEOMIN);
ბოტულინოთერაპიის მეთოდი გულისხმობს სამიზნე, ჰიპერსპასტიური კუნთების შერჩევას, შერჩეულ სამიზნე კუნთში მეტად სპასტიური უბნის პოვნას და ამ უბანში ბოტულინის ტოქსინის შეყვანას ინექციის საშუალებით. შერჩეულ სამიზნე კუნთში მეტად სპასიური უბნის პოვნა შესაძლებელია როგორც პალპაციის (ხელით) ასევე ექოსკოპიის დახმარებით. ბავშვებში საინექციოდ გამოიყენება ე.წ ინსულინის, მცირე დიამეტრიანი ნემსები. ამიტომ თვითონ ინექცია პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ტკივილის შესამცირებლად დამატებით შესაძლოა გამოყენებულ იქნას ადგილობრივი საანესთეზიო მალამო - ემლა და სხვ. თუ სამიზნე სპასტიური კუნთი დიდ ზომისაა ან სპასტიურობის ხარისხი ძალიან მაღალია, შესაძლოა ერთ კუნთში ინექცია გაკეთდეს ორ წერტილში.
პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის, სამიზნე კუნთის მოცულობის და სპასტიურობის ხარისხის გათვალისწინებით.
ბოტულინოთერაპიის ეფექტი გამოვლინებას იწყებს ინექციის ჩატარებიდან 7-10 დღის შემდეგ და საშუალოდ გრძელდება 3-4 (იშვიათ შემთხვევებში 6 ) თვე. ეს პერიოდი არის კარგი „ფანჯარა“ ინტენსიური სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის და ფუნქციური გაუმჯობესების მისაღწევად. ხშირად, მიუხედავად იმისა რომ ინექციიდან რამოდენიმე თვის გასვლის შემდეგ, ბოტულინოთერაპიის ეფექტი ქრება, ამ პერიოდში მიღწეული ფუნქციური გაუმჯობესება და დასწავლილი უნარები მაინც ნარჩუნდება. ბოტულინოთერაპიის განმეორებითი ინექციის ჩატარება შესაძლებელია წინა თერაპიიდან 3-4 თვის გასვლის შემდეგ. უკეთესი ფუნქციური გაუმჯობესების მისაღწევად უმჯობესია თუ არ დაველოდებით ჩატარებული ბოტულინოთერაპიის ეფექტის სრულ გაქრობას.
ინექციის ჩატარების დღეს არ არის რეკომენდირებული აბაზანის მიღება, რადგან ცხელი წყალი იწვევს პრეპარატის დაშლას, რაც გამოიწვევს მოსალოდნელი ეფექტის შემცირებას. სხვა შეზღუდვა - საკვებთან ან ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით არ არის.
ბოტულინოთერაპიის მეთოდს აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები.
დადებითია, რომ ბოტულინოთერაპიის ჩატარებას პრაქტიკულად არ აქვს წინააღმდეგჩვენება და არ საჭიროებს პაციენტის წინასწარ მომზადებას. ასევე დადებითია, რომ ოტულინოთერაპიის ჩატარება არ იწვევს სარეაბილიტაციო მკურნალობის წყვეტას. ბოტულინოთერაპიის ხანმოკლე ეფექტი (ძირითადად 3-4 თვე), შეიძლება ასევე ჩაითვალოს დადებით მხარედ, რადგან ნებისმიერი გზით (ბოტულინოთერაპია, მკურნალობის ორთოპედიული ან ნეიროქირურგიული მეთოდები და სხვ.) სპასტიურობის შემცირება, იწვევს ორგანიზმის, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მოძრაობის სტერეოტიპის ცვლილებას. ხოლო წინასწარ განსაღვარა იმისა თუ როგორ აისახება მოძრაობის შეცვლილი სტერეოტიპი პაციენტის ფუნქციურ შესაძლებლობებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, თუ მაგალითად კუნთთა სპასტიურობის შემცირების შედეგად მოძრაობის ახალმა სტერეოტიპმა გამოიწვია ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის გაუარესება, სპასტიურობის სხვა მეთოდებისაგან განსხვავებით ბოტულინოთერაპიის შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ ეს აუცილებლად არის შექცევადი და რომედენიმე თვის შემდეგ ორგანიზმი კვლავ დაუბრუნდება ძველ, შესაძლოა მისთვის უფრო კომფორტულ მოძრაობის სტერეოტიპს. ამდენად ბოტულინოთერაპია შეიძლება ასევე გამოვიყენოთ გარკვეულ პრეტესტად სპასტიურობის შემცირებაზე მიმართული ორთოპედიული ან ნეიროქირურგიული ოპერაციული მეთოდების ეფექტურობის წინასწარგანსაზღვრისათვის.
ბოტულინოთერაპიის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ამ მეთოდის სიძვირე, თუმცა აღსანიშნავის, რომ შესაძლებელია ინდივიდუალური დაფინანსების მოპოვება რეფერალური პროგრამის ფარგლებში.
დასკვნა: ბოტულინოთერაპია არის კუნთთა მომატებულ სპასტიურობასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი და ეფექური მეთოდი.