კენ ვოლკერის კლინიკა

განვითარებული შესაძლებლობები

მიმართულებები

ბავშვთა რეაბილიტაცია

სპეციალისტების გუნდი, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, გთავაზობთ რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამას 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

ზრდასრულთა რეაბილიტაცია

სხვადასხვა ორთოპედიული თუ ნევროლოგიური პრობლემის მქონე პირებს, გთავაზობთ სრულფასოვან რეაბილიტაციას მულტიდისციპლინური პროგრამით.

დამხმარე საშუალებების ლაბორატორია

მომსახურების სრულ პაკეტში შედის: ხელისა და ფეხის ორთეზების, ეტლისა და ადაპტირებული ავეჯის ინდივიდუალური შერჩევა, დამზადება, მორგება და გამოყენების სწავლება.

გარემოს მორგება და ადაპტაცია

გთავაზობთ საჯარო დაწესებულებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცხოვრებელი სახლის მორგება/ადაპტირებას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

სპორტული რეაბილიტაცია

მიმართულება მოიცავს: ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის ჯანმრთელობის სკრინინგს, ტრავმული დაზიანებების პრევენციას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას.

სიახლეები

ყველა სიახლე(12)

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება 1 წლის ასაკამდე ბავშვის განვითარებისას?

ბავშვის განვითარება ყველაზე სწრაფად სწორედ პირველი ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობს. შესაბამისად, თუ განვითარებას რამე ხელს უშლის, ბავშვის დახმარება სწორედ ამ ასაკშია ყველაზე ეფექტური. ბავშვის განვითარებას ხელი შეიძლება ნერვული სისტემის დაზიანებამ შეუშალოს. არსებობს მგომარეობები, რომლის დროსაც შესაძლებელია ნერვული სისტემა დაზიანდეს: დღენაკლობა, რთული მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა დაბადებისას და ა.შ. ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის და ადრეული რეაბილიტაციისთვის, რასაც მკურნალობის მაქსიმალურად კარგი შედეგი მოაქვს, მნიშვნელოვანია განვითარების სირთულეების ადრეული ამოცნობა. მშობლის როლი ბავშვის განვითარების შეფერხების პირველი ნიშნების ამოცნობაში გადამწყვეტია, რათა შემდეგ ბავშვის განვითარების სრულფასოვანი შეფასებისათვის მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს ან განვითარების პედიატრს.   რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს და რა ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება? ქვემოთ წარმოდგენილია წლამდე ბავშვის ტიპური ე.წ. ნორმალური განვითარების ნიშნები. თუ თქვენი ბავშვი შესაბამის ასაკში ამ უნარებს არ ავლენს, უმჯობესია მდგომარეობის გადასამოწმებლად მიმართოთ სპეციალისტს, რათა არ დაიკარგოს განვითარების წახალისების ყველაზე ხელსაყრელი პეროდი. 2 თვის ბავშვი: კარგად წოვს ძუძუს ან საწოვარას, კარგად ყლაპავს, საკვები არ სცდება  მტევანზე შეხებისას ხელს სტაცებს საგანს იწყებს თავის დაჭერას, გაკონტროლებას 4 თვის ასაკში: ხელი მიაქვს პირთან და იდებს პირში სათამაშოს ან სატყუარას იჭერს ხელში და მიაქვს პირთან კარგად იჭერს, აკონტროლებს თავს თვალს აყოლებს მოძრავს საგანს აბრუნებს თავს სათამაშოს მოძრაობის ან ხმის მიმართულებით ხელები მიაქვს სხეულის შუა ხაზთან და ერთმანეთს კიდებს ხელებს 6 თვის ასაკში: საკვებს იღებს კოვზით მუცელზე წოლისას ეყრდნობა ხელებს და ცოტა ხანი ჩერდება ასეთ პოზაში მოხერხებულად იღებს სათამაშოს ემზადება ჯდომისას წონასწორობის შენარჩუნებისთვის, იწყებს წელის მყარად „დაჭერას“, გაკონტროლებას 9 თვის ასაკში: ზის დამოუკიდებლად: ინარჩნებს წონასწორობას ისე, რომ ხელებზე დაყრდნობა აღარ სჭირდება და თამაშობს ორივე ხელის გამოყენებით იღებს პატარა ზომის საგნებს ცერა და საჩვენებელი თითებით გადააქვს საგანი ერთი ხელიდან მეორე ხელში სურვილისამებრ იღებს და დებს საგნებს 12 თვის ასაკში: ხელში უჭირავს, პირთან მიაქვს და კბეჩს მყარ საკვებს იღებს ყუთიდან სათამაშოებს ან სხვადასხვა საგნებს ესმის საუბარი, ინსტრუქციები გამოხატავს საკუთარ სურვილებს, მაგალითად: საჩვენებელი თითით მიანიშნებს სასურველ საგანზე უჭირავს ჭიქა ორივე ხელით, მიაქვს პირთან და სვამს წყალს ჭიქიდან დგება ფეხზე რაიმე საყრდენის დახმარებით, მიჰყვება საყრდენს  

თუ თქვენ ახლა იწყებთ აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროცესს

ლუკა 2 წლისაა. ყველაზე კარგად თავს დედის კალთაში გრძნობს. უყვარს, როდესაც უმღერიან და პარკში ასეირნებენ. ლუკას მოძრაობა უჭირს: დამოუკიდებლად ვერ დადის და ვერ ზის, სათამაშოები ხშირად უვარდება, სიტყვების წარმოთქმისას რთულია მისი ნათქვამის გაგება. შეწუხებულმა მშობლებმა  ლუკას დასახმარებლად კენ ვოლკერის კლინიკის რეაბილიტაციის გუნდს მიმართეს. აქამდე მათ არასდროს ჰქონიათ ამდენ სხვადასხვა სპეციალისტთან შეხება. ახალ გარემოში მიმდინარე პროცესის გაცნობისა და უცხო ადამიანებთან ურთიერთობის დაწყებისას მშობლებიც და ლუკაც, მართალია, დაინტერესებულები არიან, თუმცა, იმავდროულად, დაძაბულები ჩანან.        თითოეული ბავშვი უნიკალურია ინდივიდუალური შესაძლებლობებითა და საჭიროებებით, ინტერესებითა და გამოცდილებებით, ჩვევებითა და ხასიათის თვისებებით, გარემომცველ სამყაროზე რეაგირების ტემპითა და ტემპერამენტით. როდესაც ბავშვს ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზებაში სპეციალისტების დახმარება სჭირდება, ის ოჯახთან ერთად აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროცესში ერთვება. პირველი კონტაქტი და ურთიერთგაგების ჩამოყალიბება პირველ კონტაქტსა და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ბავშვს, მისი ოჯახის წევრებსა და სპეციალისტების გუნდს შორის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნაყოფიერი სარეაბილიტაციო პროცესის წარსამართავად. უცხო გარემოს გაცნობას, ადამიანებთან ურთიერთნდობის ჩამოყალიბებასა და უსაფრთხოების განცდის დაუფლებას, განსაკუთრებით ბავშვისათვის, დრო და ორმხრივი მონდომება სჭირდება. ზოგ შემთხვევაში ეს უფრო სწრაფად, ზოგ შემთხვევაში კი შედარებით ნელა ხდება.    ბავშვისათვის პირველი სარეაბილიტაციო პროცესის დაწყების გამარტივება მისი წინასწარი მომზადებით შეიძლება. მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ ბავშვს თქვენი ნათქვამის შინაარსი არ ესმის ან ნაკლებად აინტერესებს, ამის მიუხედავად, ესაუბრეთ მას. უამბეთ ბავშვს, რომ თქვენ ერთად აპირებთ წასვლას იქ, სადაც ბევრი ბავშვი დადის, ელიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ მისი გაცნობა, ერთად ითამაშებენ და საინტერესო რაღაცებს გააკეთებენ. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვს, მაგალითად, თინეიჯერს, აუხსენით, რომ მასთან ერთად სხვადასხვა სპეციალისტი იმუშავებს, რათა უფრო ადვილად შეძლოს იმის კეთება, რაც სურს და აინტერესებს. მოინიშნეთ ის საკითხები, რომლებიც ბავშვს, თქვენ ან ოჯახის სხვა წევრებს გაინტერესებთ რეაბილიტაციის პროცესისა და მასში მონაწილე ადამიანებისაგან. ამაზე საუბრის წამოწყება რეაბილიტაციის გუნდს უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის თქვენი ოჯახის მოლოდინებზე. უშუალოდ წამოსვლისას შეგიძლიათ ბავშვს აარჩევინოთ ან თქვენ წამოიღოთ ის სათამაშო ან ნივთი, რომელიც ძალიან უყვარს და ამშვიდებს.   ადამიანებს შორის ეფექტური კომუნიკაციის, ურთიერთგაგებისა და ნდობის ჩამოყალიბება დამოკიდებულია თავად ახალ გარემოში მიღებულ შთაბეჭდილებებზეც. კომფორტული და მიმზიდველი გარემოს უზრუნველყოფით, ბავშვის რეაქციების მიმართ სენსიტიურობით, ბავშვისა და მისი მზრუნველის მიმართ კეთილგანწყობითა და პატივისცემით, მათთან ურთიერთობისას ინდივიდუალური ტემპისა და საჭიროებების გათვალისწინებით კლინიკა ზრუნავს პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებაზე. იმავდროულად, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკის, მისი ტემპერამენტისა და ხასიათის თავისებურებების შეცნობაც, წარსული გამოცდილებებისა და იმ მომენტში არსებული გუნება-განწყობის, მშობლის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებაც. მაგალითად, თუ ბავშვს შია, ეძინება, მშობელი ღელავს ან დაძაბულია, შეიძლება უცხო გარემოში მან თავი მშვიდად ვერ იგრძნოს. ხოლო დაძაბულ და სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვისათვის თერაპიის პროცესი ნაკლებ ეფექტურია. ამიტომ ბავშვთან მომუშავე სპეციალისტები ცდილობენ, რამდენადაც ეს ბევრ ბავშვთან მუშაობის პირობებშია შესაძლებელი, ერთი მხრივ, მოერგონ თითოეულის განსხვავებულ რუტინას: კვების, ძილის, მედიკამენტების მიღებისა თუ ოჯახის ფუნქციონირების განრიგს; ხოლო, მეორე მხრივ, მშობელთან სიახლოვისა და დისტანციის მართვისას ბავშვის რეაქციებისა და ინდივიდუალური ტემპის პატივისცემით, საინტერესო და სახალისო ურთიერთობითა და სამუშაო პროცესით ბავშვისათვის თერაპია გახადონ სასიამოვნო. განსაკუთრებით მგრძნობიარე ბავშვის შემთხვევაში სპეციალისტები ცდილობენ, თანდათან მიუახლოვდნენ ბავშვს, დაიწყონ მუშაობა მშობლის კალთაში ან მის სიახლოვეს, თამაშ-თამაშით შეაჩვიონ ახალ მოძრაობებსა თუ აქტივობებს. როდესაც ბავშვი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, ის მეტად გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს, გაბედულად იმოქმედებს და უკეთ აითვისებს ახალ უნარ-ჩვევებს. შესაბამისად, ბავშვის კარგი განწყობის მისაღწევად საკმარისი დროისა და შემოქმედებითობის გამოყენება ეფექტური რეაბილიტაციის პროცესის წარმართვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თერაპევტი ლუკას და მის მშობლებს ღიმილით შეეგება და გაეცნო. დაათვალიერებინა გარემო. დაინტერესდა ლუკას ყოველდღიური ცხოვრების რუტინით, მისი საყვარელი ნივთებითა და საქმიანობებით. ამ დროს ლუკა დედის კალთაში იჯდა და თაროზე სათამაშოებს აკვირდებოდა. თერაპევტმა თვალი ლუკას მზერას გააყოლა, საინტერესო სათამაშო ჩამოიღო და ლუკას გაუწოდა. ცოტა ხანს ადროვა და, როდესაც შეატყო, რომ ლუკა დედას უფრო მიეკრა, სათამაშო მასთან ახლოს დადო, უდნავ უკან დაიხია და გაუღიმა. საკმაოდ ნელი ტემპითა და ფრთხილად, თუმცა თანმიმდევრული ნაბიჯებით, თერაპევტი ცდილობდა ლუკას ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვებას მის რეაქციებზე დაკვირვებითა და მშობლების სიახლოვის გამოყენებით. თამაშ-თამაშით ლუკა დედის კალთიდან მის გვერდით, თუმცა ზურგით დედაზე მიყრდნობილი, სავარძელზე ჩამომჯდარი აღმოჩნდა. მის გვერდით თერაპევტი იჯდა. სათამაშოს, რომელსაც ლუკა პერიოდულად ხელს უშვებდა, ხან თერაპევტი და ხან მამა აწოდებდნენ. დედამ თერაპევტისგან ისწავლა, როგორ წაეხალისებინა ლუკა, რათა ჯდომისას წონასწორობის შესანარჩუნებლად მეორე ხელის იდაყვს დაყრდნობოდა. პირველი დღის შედეგით თერაპევტიც და ოჯახიც კმაყოფილები დარჩნენ: ლუკამ გაიცნო კენ ვოლკერის კლინიკის რეაბილიტაციის გუნდის წევრები, მიიღო გამოცდილება, რომ მას არავინ მოულოდნელად არ დააშორებს მშობლებს, სანამ თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს ახალ ადამიანებთან.              საბოლოოდ, ურთიერთგაგების ჩამოყალიბება ბავშვს, მის მზრუნველებსა და რეაბილიტაციის დარგის პროფესიონალებს შორის პროცესია, რომელიც პირველი შეხვედრისას იწყება და თანდათან ვითარდება. ამ პროცესში თავისი წვლილი ყველა მონაწილე მხარეს შეაქვს. ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვისა და თქვენს განცდებზე რეაბილიტაციის გუნდთან გულწრფელი საუბარი ყველასათვის ძალიან სასარგებლოა და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროცესს.    

ბენეფიციარის ისტორია, სარეაბილიტაციო კურსისა და რობოტოთერაპიის შესახებ

ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს რობოტო თერაპია, მათ შორის ე.წ  ხელის ფუნქციის გაუმჯობესებაზე მიმართული რობოტები. რობოტო თერაპია წარმოადგენს თანამედროვე, ინოვაციურ მეთოდს ინსულტის შემდგომი მდგომარეობების რეაბილიტაციაში და კენ ვოლკერის კლინიკა ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი ქვეყნის სარეაბილიტაციო სივრცეში. კლინიკის მულტიდისციპლინური გუნდი პაციენტთან ერთად ტანდემში მუშაობს ინსულტის განვითარების შემდგომი მდგომარების რეაბილიტაციაზე და შეზღუდვების მაქსიმალურ აღმოფხვრაზე. წარმოგიდგენთ ჩვენი პაციენტის შთაბეჭდილებებს და შეგრძნებებს, მისი თავალით დანახულ ერთი  სარეაბილიტაციო თარაპიის კურსისა და რობოტო თერაპიის შესახებ.   პაციენტი 45 წლის, მამაკაცი დიაგნოზი - იშემიური ინსულტის შემდგომი მდგომარეობა მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი. ზედა კიდურში დაზიანება უპირატესად გამოხატულია მარჯვენა ხელის მტევანში. ინსულტის განვითარებიდან  გასულია 4 თვე. პაციენტის პირველი ვიზიტი: მდგომარეობის შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ: ექიმი ნევროლოგი, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები. პაციენტი: „რამდენადმე გამაოცა  კონსულტაციაზე სამი ადამიანის დანახვამ, მისმენდნენ ყურადღებით, მისვამდნენ სხვდასხვა კითხვებს, შემდეგ დაიწყეს ჩემი გასინჯვა და მდგომარეობის დეტალურად შეფასება. გაეცნენ ჩემს ისტორიას და კვლევების შედეგებს. მკითხეს - ჩემი აზრით, რა არის შეზღუდვის განმაპირობებელი ძირითადი პრობლემა?, რისი მიღწევა მინდა?, რომელი ფუნქციის გაუმჯობესება არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული?. ესაუბრნენ მეუღლესაც. კონსულტაცია 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.“ ვიზიტი მეორე:  „-წარმომიდგინეს სარეაბილიტაციო მკურნალობის სამუშაო გეგმა. გეგმა იყო დეტალურად  გაწერილი დროში - მკურნალობის საბოლოო (გრძელვადიანი) მიზნისა და შუალედური (მოკლევადიანი) მიზნების მითითებით. ამიხსნეს ყველა პუნქტი. რაღაცეები შევცვალეთ კიდეც. გაითვალისწინეს ჩემი მოსაზრებები და სურვილები“.  დღეს ვხვდები ორ სპეციალისტს, ვიმუშავე 2 საათი, ცოტა დავიღალე, თუმცა მგონი განწყობა გამომიკეთდა, ვნახოთ რა იქნება შემდეგ ვიზიტზე“ ვიზიტი მესამე: „-გრძელდება მუშაობა თერაპევტებთან, დღეს პროცესში ჩაერთო რობოტი, საინტერესო მოწყობილობაა, ხელის ფუნქცია უნდა გამიუმჯობესოს, ვნახოთ“ „- ისევ ამიღეს ზომები, შეამოწმეს ძალა ხელში, თითებში, დამიმაგრეს ხელი, მეუბნებიან , რომ მოძრაობის პარალელურად უნდა გამიტარონ ელექტრული იმპულსი, ცოტა დავიძაბე, თუმცა აღმოჩნდა, რომ სულაც არაა საშიში პროცედურა. საინტერესოა რა გამოვა?!“ რობოტის შეფასება: „-ცოტა უცნაურად გამოიყურება, ბევრი სამაგრი აქვს, თუმცა უხმაუროდ, მუშაობს თავისთვის, საკმაოდ კომფორტულად მიდევს ხელი, მოძრაობისას არ ვგრძნობ არავითარ დისკომფორტს, დაჭიმულობას ან ტკივილის, იმპულსის გატარებაც არ ყოფილა საშიში“. ვიზიტი მეშვიდე: „- გრძელდება თერაპია, მომცეს  დავალებები სახლში სამუშაოდ. მართალი გითხრათ რობოტო თერაპია ყველაზე მეტად მომწონს. შედეგი ნამდვილად ჩანს, აშკარად  შესამჩნევია, დავიწყე მცირე  დამოუკიდებლად თითების მოძრაობა. შევძელი მტევნის მოხრა და გაშლა მაჯის სახსარში“.   ვიზიტი  მეთხუტმეტე: ”თითებს და მტევანს უკეთ ვიმორჩილებ. პირველად 4 თვის მანძილზე შევძელი დამოუკიდებლად ჰიგიენური პროცედურების ჩატარება, დღეს ვცადე გაპარსვა, რთულია და ცოტა ადრეა, ხელი სწრაფად მეღლება, მაგრამ ჭამას უკვე ვახერხებ დამოუკიდებლად.  თერაპევტები მეუბნებიან, რომ გაუმჯობესება მათი და რობოტის ერთობლივი მუშაობის შედეგია. მგონი ასე მართლაც. ვაგრძელებ ბრძოლას, ეხლა კიდევ უფრო მეტად მინდა ვნახო რა შემიძლია მივაღწიო“.   ვიზიტი მეოცე: „- სრულიად დამოუკიდებლად გავიპარსე, ნახევარი სახე, მაგრამ დამოუკიდებლად, სკოლის მოსწავლესავით მიხარია თერაპევტის შეფასება. ნამდვილად ვხედავ რისი გაკეთება და მიღწევა შემიძლია, ვიცი როგორ და ამაში მეხმარებიან, უკვე თითქმის 3 საათი ვმუშაობ დღეში, სწრაფად აღარ ვიღლები“. „ხვალიდან ახალ რობოტზე გადავალ, სტიმულაციის სახეც იცვლებაო მითხრეს, ახალი მოძრაობები უნდა განვავითარო, ველოდები.„

© 2020