კენ ვოლკერის კლინიკა

განვითარებული შესაძლებლობები

მიმართულებები

ბავშვთა რეაბილიტაცია

18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის სპეციალისტების გუნდი გთავაზობთ აბილიტაციის/რეაბილიტაციის - სხვადასხვა ნევროლოგიური, ორთოპედიული, პოსტოპერაციული მდგომარეობების რეაბილიტაციისა და ზოგადგამაჯანსაღებელ - პროგრამას ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

ზრდასრულთა რეაბილიტაცია

სხვადასხვა ნევროლოგიური თუ ორთოპედიული პრობლემის მქონე ზრდასრულ პირებს გთავაზობთ სრულფასოვან რეაბილიტაციას მულტიდისციპლინური პროგრამით.

დამხმარე საშუალებების ლაბორატორია

მომსახურების სრულ პაკეტში შედის: ხელისა და ფეხის ორთეზების, ეტლისა და ადაპტირებული ავეჯის ინდივიდუალური შერჩევა, დამზადება, მორგება და გამოყენების სწავლება.

გარემოს მორგება და ადაპტაცია

გთავაზობთ საჯარო დაწესებულებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცხოვრებელი ბინისა და სახლის მორგებას/ადაპტაციას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

სპორტული რეაბილიტაცია

მიმართულება გთავაზობთ ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის ჯანმრთელობის სკრინინგს, ტრავმული დაზიანებების პრევენციას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას.

სიახლეები

ყველა სიახლე(31)

ცერებრული დამბლა და სპასტიურობა (კუნთების მომატებული ტონუსი)

სპასტიურობა (კუნთების ფიზიოლოგიურზე მეტად გამოვლენილი ტონუსი/დაჭიმულობა) არის ცერებრული დამბლის ყველაზე ხშირი თანმდევი სიმპტომი. კუნთების სპასტიურობა ვითარდება კომპენსატორულად მაშინ, როდესაც ცენტრალური ნერვული სისტემა, გარკვეული სტრუქტურების (მოტორული ზონების ან მოტორული იმპულსების გამტარი გზების) დაზიანების გამო, სრულად ან ნაწილობრივ კარგავს მოძრაობისა და პოსტურალური (პოზის შენარჩუნების) მექანიზმების განხორციელების კონტროლის უნარს. სპასტიურობა (Spasticity) არის მდგომარეობა, როდესაც კუნთთა მომატებული ტონუსი ეწინააღმდეგება კიდურში პასიური მოძრაობის შესრულებას. წინააღმდეგობის მაქსიმუმი ვლინდება მოძრაობის დასაწყისში და მცირდება მოძრაობის დასკვნით ფაზაში (დაკეცილი დანის სიმპტომი). პასიური მოძრაობის შესრულება შესაძლებელი ხდება მხოლოდ ძლიერი ძალისხმევის შედეგად. სპასტიურობა არის თავის ან ზურგის ტვინში გამავალი კორტიკო-სპინალური გზების დაზიანების ერთ-ერთი გამოვლინება. სპასტიურობასთან ერთად ვლინდება აქტიური მოძრაობის შესრულების უნარის დაქვეითება (პარეზი) ან სრული დაკარგვა (პლეგია) (ოქსფორდის განმარტებითი ლექსიკონი, 2002 წ.). კუნთთა მომატებული სპასტიურობა ხშირად მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი ხდება ცერებრული დამბლის მქონე ბავშვის რეაბილიტაციის პროცესში, თუმცა არავითარ შემთხვევაში კუნთთა მომატებული ტონუსის შემცირება არ უნდა გადაიქცეს მკურნალობის ძირითად მიზნად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სარეაბილიტაციო მკურნალობის მიზანი არის ბავშვის ფუნქციური მდგომარეობის, მისი ფიზიკური შესაძლებლობებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია კუნთთა სპასტიურობა „გამოვიყენოთ“ ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ცერებრული დამბლის სხვადასხვა ფორმების დროს განსხვავებული ტიპის და ლოკალიზაციის სპასტიურობა გვხვდება. რთულ შემთხვევებში, კვადრიპლეგიური ფორმების დროს, კუნთთა სპასტიურობა ვლინდება მთელ სხეულში - გენერალიზებული სპასტიურობა. ცერებრული დამბლის დიპლეგიური და ჰემიპლეგიური ფორმების დროს ხშირად კუნთთა მომატებული სპასტიურობა ვლინდება მხოლოდ ერთ ან ორ კიდურში (რეგიონალური სპასტიურობა) ან მხოლოდ ერთ ან რამოდენიმე კუნთში (ფოკალური სპასტიურობა). ცერებრული დამბლის დისკინეზური ფორმების დროს, სპასტიურობის გამოვლინება განსხვავებულია ზემოთ აღწერილი მდგომარეობებისაგან. ამ დროს ტონუსი ცვალებადია (დისტონია) და განსაკუთრებით იმატებს ბავშვის ემოციური დატვირთვის დროს. ცერებრული დამბლის ამ ფორმის მქონე ბავშვის კიდურის პასიური მოხრისას, წინააღმდეგობა რომელსაც ვაწყდებით სპასტიური გამშლელი კუნთების მხრიდან უეცრად ქრება და შემდგომ ისევ ჩნდება და ასე მეორდება რამოდენიმეჯერ კიდურის მოხრის პროცესის დასრულებამდე (დაკბილული ბორბლის სიმპტომი). სპასტიურობის გამოვლენის ტიპისა და ხარისხის მიხედვით ხდება მის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. სპასტიურობის შემცირების სტრატეგიებს მაშინ მივმართავთ, როდესაც მიზანი გვაქვს ბავშვის: •ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესება; •დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდა; •კუნთოვანი სპაზმებისა და ტკივილის შემცირება ან სრულად მოხსნა; •ბავშვის მოვლის გაადვილება; •დეფორმაციების განვითარების პრევენცია. სპასტიურობის შესამცირებლად გამოიყენება როგორც ფიზიკური ასევე მედიკამენტოზური და ქირურგიული მეთოდები: •პოსტურალური (პოზიციონირება) მეთოდები - რაც გულისხმობს სხეულის ისეთი პოზის შერჩევას, რომელშიც კუნთთა ტონუსი მაქსიმალურად შემცირებულია; •ფიზიკური თერაპია - ვარჯიშებისა და მოძრაობების კომპლექსი, რომლიც ხელს უწყობს კუნთთა ტონუსის შემცირებას და ნორმალიზებას; •ორთეზები - სპასტიურობის მკურნალობაში ძირითადად გამოიყენება კოჭ-წვივის რიგიდული ორთეზი. ორთეზის დახმარებით კოჭ-წვივის სახსარს უნარჩუნდება ფიზიოლოგიური ან ფიზიოლოგიურთან მაქსიმალურად მიახლოებული მდგომარეობა, რაც აუმჯობესებს ბავშვის ფუნქციურ შესაძლებლობებს, დადებითად აისახება მისი გადაადგილების უნარზე, სიარულის ტიპზე და ენერგოეფექტურობაზე; •მედიკამენტოზური მკურნალობა - გამოიყენება სხვადასვა ჯგუფის პერორალური (დასალევი) მედიკამენტები. მედიკამენტის შერჩევა და დოზის განსაზღვრა უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ. •ბოტულინის ტოქსინის (გამოიყენება პრეპარატები: დისპორტი, ბოტოქსი, ქსეომინი) ინექციები სპასტიურ კუნთებში - მკურნალობის ეს მეთოდი ეფექტურია რეგიონალური და ფოკალური სპასტიურობების დროს. მკურნალობის დაწყებამდე ზუსტად უნდა განისაზღვროს ინექციისათვის სამიზნე კუნთები. საინექციო პრეპარატის დოზა განისაზღვრება ბავშვის კუნთის ზომისა და ასაკის მიხედვით. ამ მეთოდს უკუჩვენება პრაქტიკულად არ აქვს. მეთოდის გამოყენების შემაფერხებელი გარემოებაა პრეპარატის სიძვირე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბოტულინის ტოქსინით მკურნალობის ეფექტურობა შედარებით ხანმოკლეა - 3-6 თვე, მაგრამ ეს პერიოდი არის ძალიან კარგი და ეფექტური ფანჯარა, იმისათვის რომ ბავშვმა ახალი უნარები აითვისოს და გაიუმჯობესოს ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის მოქმედების პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდეს სარეაბილიტაციო მკურნალობა. ბოტულინის ტოქსინის მოქმედების გასვლის შემდეგ სპასტიურობა კვლავ იჩენს თავს (ხშირად სპასტიურობის ხარისხი არ უბრუნდება ძველ ნიშნულს და არის უფრო ნაკლები ვიდრე ის იყო ბოტულინის ტოქსინით მკურნალობის დაწყებამდე) და საჭიროა მკურნალობის განმეორება. •ქიმიური ნევროლიზი ფონოლით - მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება ძალიან საფრთხილოა. ფენოლი ბოტულინის ტოქსინთან შედარებით გაციელებით იაფია და მკურნალობით მიღებული ეფექტიც ხანგრძლივი, მაგრამ სამწუხაროდ ხშირია გვერდითი მოვლენები რაც ძირითადად ვლინდება მგრძნობელობის დარღვევით; •ორთოპედიული ოპერაციული მკურნალობა - იმის და მიხედვით თუ კიდურების რომელ სეგმენტებში ვლინდება სპასტიურობა და რამდენად ახდენს ის ბავშვის ფუნქციურ მდგომარეობაზე გავლენას, შესაძლებელია ორთოპედიული ოპერაციების ჩატარება. ორთოპედიული ოპერაციები არის სხვადასხვა ტიპის და ბავშვის მდგომარეობიდან და მკურნალობის მიზნებიდან გამომდინარე შესაძლოა ჩატარდეს როგორც რბილ ქსოვილებზე - კუნთებზე და მყესებზე, ასევე ძვალზე. დადებითი შედეგის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორთოპედიული ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვა და ოპერაციული ჩარევის ტიპის განსაზღვრა მოხდეს გუნდურად, ქირურგისა და რეაბილიტაციის მულტიდისციპლინური გუნდის ერთობლივი მონაწილეობით; •სელექტიური დორსალური რიზოტომია - ეს არის ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც გულისხმობს სპასტიურობის განმაპირობებელი, ხერხემლის სვეტში შემავალი უკანა ფესვების შერჩევით გადაკვეთას. ოპერაცია ტარდება ელექტოფიზიოლოგიური კონტროლის ქვეშ. მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენება რეგიონალური სპასტიურობების სამკურნალოდ - მაგალითად ცერებრული დამბლის სპასტიური დიპლეგიის ფორმების დროს, როდესაც კუნთთა სპასტიურობა მეტად მომატებულია ქვედა კიდურებში და უშლის აქტიური მოძრაობების შესრულებაში; •ინტრათეკალური ბაკლოფენის ტუმბოს ჩაყენება - არის აგრეთვე მკურნალობის ქირურგიული მეთოდი. ეს მეთოდი გამოიყენება გენერალიზებული სპასტიურობის დროს, როდესაც კუნთთა ტონუსი მომატებულია ტოტალურად მთელს სხეულში. მეთოდი გულისხმობს მუცლის კანქვეშ სპეციალური ტუმბოს ჩაკერებას, რომელიც თხევად ბაკლოფენს ტუმბოს რეზერვუარიდან გადაისვრის თავზურგტვინის სითხეში. გადასასროლი პრეპარატის დოზირებას ახდენს ექიმი, რომელიც აპროგრამირებს ტუმბოს. მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ძალიან ძვირი და მართვისათვის საჭიროებს სპეციალურ ინფრასტუქტურას. ცერებრული დამბლის მქონე ბავშვის სპასტიურობის მართვა საკმაოდ რთული საკითხია. 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან, სპასტიურობის სამართავად აქცენტი უნდა გაკეთდეს მკურნალობის ფიზიკურ მეთოდებზე - პოზიციონირება, ფიზიკური თერაპია. კოჭ-წვივის რიგიდული ან სახსრიანი ორთეზები. 3 წლიდან, სპასტიურობის შესამცირებლად (თუ სპასტიურობა უშლის მათ ფუნქციურ განვითარებას ან აუარესებს სიარულის ფუნქციას) შესაძლებელია დამატებით ბოტულინის ტოქსინის ინექციების გამოყენება. ბოტულინის ტოქსინის ეფექტურობის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია მისი გამოყენება გაგრძელდეს რამოდენიმე წლის განმავლობაში. კლინიკური და ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით სპასტიურობის სამკურნალოდ გამოიყენება ყველა შესაძლო და ხელმისაწვდომი მეთოდი. დასკვნა: ცერებრული დამბლის დროს, სპასტიურობის მკურნალობა არ არის მიზანი. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს, მთელ რიგ შემთხვევებში, სპასტიურობა “ეხმარებათ” გარკვეული მოძრაობების შესრულებაში და პოსტურალური (პოზის შენარჩუნების) მექანიზმების განხორციელებაში. ამდენად სპასტიურობის მკურნალობაზე აქცენტი უნდა გაკეთდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის უშლის ბავშვის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სპასტიურობა არის ცენტრალური ნერვული სისტემის (ზედა მოტონეირონის) დაზიანების შედეგი, რასაც აგრეთვე ახლავს მოძრაობის შეზღუდვა, უხერხულობა, სისუსტე და სწრაფი დაღლა. ბალანსისა და მოძრაობის დაგეგმვის დარღვევა აგრეთვე ხშირი სიმპტომია ცერებრული დამბლის დროს. მკურნალობის ეფექტური, მიზანზე ორიენტირებული გეგმის შემუშავებისათვის, ძალზედ მნიშვნელოვანია ფუნქციური უნარების შესრულების და განვითარების ხელისშემშლელი მიზეზების ამოცნობა და არა ყველა პრობლემის კუნთთა მაღალი სპასტიურობით ახსნა. უნდა გვახსოვდეს რომ ერთი პრობლემის მკურნალობა არ ნიშნავს ავტომატურად სხვა საკითხების მოგვარებასაც. ცერებრული დამბლის დროს, ბავშვის ფუნქციური მდგომარეობის განვითარების ხელისშემშლელი მიზეზების ამოცნობა (მათ შორის სპასტიურობისა) და მკურნალობის სწორი და ეფექტური გეგმის შედგენა და განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომის შემთხვევაში.

ცერებრული დამბლა

ცერებრული დამბლა - არის მდგომარეობა, რომელიც აერთიანებს კლინიკური სინდრომების ჯგუფს. ცერებრული დამბლის ძირითადი დამახასიათებელი  გამოვლინება - არის მოძრაობითი (მოტორული) სფეროს განვითარების შეფერხება ან ჩამორჩენა. ხშირად მოტორულ გამოვლინებას ახლავს მგრძნობელობითი, კოგნიტური, კომუნიკაციური, პერცეპციული, ბიჰეივიორული პრობლემები და ეპილეფსიური გულყრები.  ცერებრული დამბლა - არის განვითარებადი თავის ტვინის დაზიანების შედეგი. ტერმინში „განვითარებადი“ თავის ტვინი იგულისხმება პერიოდი (მუცლადყოფნის პერიოდიდან 2 წლის ასაკამდე), როდესაც თავის ტვინს ჯერ არ აქვს „დასწავლილი“ ისეთი უნარ-ჩვევები როგორიცაა მაგალითად: ჯდომა, დგომა, სიარული, ხელის და თითების ნატიფი მოძრაობები და ა.შ. დაზიანება, რომელიც განაპირობებს შემდგომში ცერებრული დამბლის განვითარებას, შესაძლოა მოხდეს ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობისას ან სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში.  მიუხედავად იმისა, რომ ცერებრული დამბლის გამოვლინების კლინიკურმა ნიშნებმა შესაძლოა განიცადონ ცვლილება (ტრანსფორმაცია) და ამავე დროს, ბავშვის ცხოვრების გარკვეულ პერიოდებში, მათი მანიფესტაციის ხარისხი იყოს უფრო მკვეთრი, ეს არ ნიშნავს, რომ ცერებრული დამბლა არის პროგრესირებადი დაავადება. ცერებრული დამბლის გამოვლინების კლინიკური ნიშნების ცვალებადობა ძირითადად დაკავშირებულია ბავშვის სიმაღლეში ზრდასთან, წონის ფიზიოლოგიურ მატებასთან, მოძრაობის და პოზის სტერეოტიპის ასაკობრივ ცვლილებასთან და კუნთთა ტონუსის ფიზიოლოგიურ გადანაწილებასთან. ხშირად კლინიკური ნიშნების აღნიშნული ტრანსფორმაცია შესაძლოა გამოვლინდეს მოტორული უნარების ნაწილობრივი გაუარესებით რაც როგორც წესი ატარებს დროებით ხასიათს და გრძელდება ორგანიზმის მოძრაობის ახალ სტერეოტიპთან ადაპტაციამდე. ცერებრული დამბლის სინდრომები კლასიფიცირდება მოტორული დარღვევის ტიპის მიხედვით: კლასიფიკაცია (Miller 1992): სპასტიური ფორმები: ა) დიპლეგია ხელის კარგი ფუნქციით; დიპლეგია ხელის ცუდი ფუნქციით; ასიმეტრიული დიპლეგია. ბ) ჰემიპლეგიური ფორმა - ხელში დაზიანება ვლინდება უფრო მეტად ვიდრე ფეხში; ფეხში დაზიანება ვლინდება უფრო მეტად ვიდრე ხელში. გ) კვადრიპლეგია - ზედა კიდურებში დაზიანება ვლინდება უფრო მეტად ვიდრე ქვედა კიდურებში ან დაზიანება ოთხივე კიდურში დაახლოებით თანაბრად ვლინდება. დისკინეზური ფორმა - ა) უპირატესად დისტონიური; ბ) უპირატესად ათეტოიდური. ატაქსიური ფორმა - ა) მარტივი ატაქსია; ბ) ატაქსიური დიპლეგია. ატონიური ფორმა. წარმოდგენილი კლასიფიკაცია აღწერს ცერებრული დამბლის სინდრომებისათვის დამახასიათებელ ძირითად მოტორულ (მოძრაობით) გამოვლინებებს, თუმცა კლინიკურ პრაქტიკაში ძალიან ხშირად გვხვდება შერეული ფორმები. ცერებრული დამბლისათვის ასევე დამახასიათებელია კლინიკური ნიშნებისა და სინდრომების ურთიერთ ტრანსფორმაცია. ცერებრული დამბლის სინდრომის საბოლოო ჩამოყალიბება ხდება 5 წლის ასაკისათვის.  ცერებრული დამბლის ყველა სინდრომი ხასიათდება ანომალური მოტორული აქტებითა და პოზის შენარჩუნების (პოსტურალური) მექანიზმებით, რაც ხშირად განაპირობებს იმას, რომ  ნებისმიერი მოძრაობის დაწყების მცდელობა, არის გაძნელებული, ხშირად არათანმიმდევრული და არაკოორდინირებული. სხვადასხვა მონაცემების თანახმად, ცერებრული დამბლის სიხშირე მერყეობს 1,5 – 4 შემთხვევებს შორის ყოველ 1000 ცოცხალ ახალშობილზე.  არსებობს ცერებრული დამბლის განვითარების დადასტურებული რისკ-ფაქტორები. ესენია: ნაყოფის დაბალი წონა დაბადებისას; დღენაკლობა; ტყუპისცალობა და ა.შ. რისკ-ფაქტორების გამოყოფა და მშობლებისათვის მათი ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი არსებობა არ ნიშნავს ყველა შემთხვევაში აუცილებლად ცერებრული დამბლის განვითარებას. რისკ-ფაქტორების არსებობისას საჭიროა ნევროლოგის მიერ ბავშვის განვითარებაზე დაკვირვება და პერიოდულად მისი შეფასება. ცერებრული დამბლის განვითარების ეტიოლოგიური მიზეზი არის - თავის ტვინის ჰიპოქსიურ-იშემიური (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა) დაზიანება. მიუხედავად ეტიოლოგიური მიზეზის იდენტურობისა, დაზიანების შედეგები ხასიათდება სხვადასხვა კლინიკური ნიშნით. ამის მიზეზს წარმოადგენს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე თავის ტვინის სხვადასხვა უბნის ჰიპოქსიისადმი მეტი მგრძნობელობა და ადვილად დაზიანებადობა. ასე მაგალითად დღენაკლ ახალშობილებში მეტად დაზიანებადია პერივენტრიკულური (პარკუჭების მიმდებარე) უბნები. ასეთი ტიპის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცერებრული დამბლის სპასტიური დიპლეგიის ფორმის ჩამოყალიბება.  გახანგრძლივებულმა სიყვითლემ და ბილირუბინის მაღალმა კონცენტრაციამ შესაძლოა განაპირობოს ტვინის ღრმა სტურქტურების ე.წ. ბაზალური განგლიების (ქერქვეშა კვანძები) დაზიანება და ცერებრული დამბლის დისკინეზური, ჰიპერკინეზული ან დისტონიური ფორმის ჩამოყალიბება.   ცერებრული დამბლის დიაგნოსტირების სპეციფიური მეთოდები არ არსებობს. როგორც წესი მშობლები მიმართავენ ექიმს, როდესაც ამჩნევენ ბავშვის მოძრაობით განვითარებაში შეფერხებას ან ჩამორჩენას. ცერებრული დამბლის კლინიკური დიაგნოზი ეფუძნება ბავშვის ანამნეზის (პრე, პერი და პოსტნატალური) დეტალურ შესწავლას, ბავშვის განვითარების შეფასებას და ნევროლოგიურ გასინჯვას. ცერებრული დამბლის მართვა უნდა ხდებოდეს გუნდურად. მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო გუნდის ლიდერი არის ექიმი ნევროლოგი, რომელიც ახდენს გუნდის მუშაობის კოორდინაციას. გუნდის შემადგენლობა შესაძლოა იცვლებოდეს ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე. გუნდის ძირითადი წევრები არიან - ფიზიკური თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი, ორთეზებისა და დამხმარე საშუალებების შერჩევისა და დამზადების სპეციალისტი, ექიმი ორთოპედი, თვითონ ბავშვი და მისი მშობელი. ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლოა გუნდში მოწვეულ იქნან სხვა დარგის სპეციალისტებიც. მულტიდისციპლინური გუნდი, ყველა ცალკეული ბავშვის შემთხვევაში, ახდენს მისი მდგომარეობის შეფასებას და მკურნალობის მიზნებიდან გამომდინარე მკურნალობის ტაქტიკისა და გეგმის შედგენას.    ცერებრული დამბლის დროს, ფიზიკური მდგომარეობის მოსალოდნელი ადრეული პროგნოზირება რთულია. პროგნოზი დამოკიდებულია: თავის ტვინის დაზიანების ხარისხზე; სწორად დაგეგმილ და წარმართულ სარეაბილიტაციო მკურნალობაზე; ბავშვის მოტივაციაზე და რეაბილიტაციის პროცესში მის ჩართულობაზე (იგულისხმება, რომ რაც უფრო აქტიურად არის თვითონ ბავშვი ჩართული რეაბილიტაციის პროცესში და მაღალია მისი მოტივაცია, შედეგიც უკეთესი იქნება. პასიურად ჩატარებული სარეაბილიტაციო მანიპულაციების ეფექტურობა დაბალია);  რეაბილიტაციის პროცესში ბავშვის ოჯახის წევრების ჩართულობაზე, აქტიურობაზე და მონაწილეობაზე (იგულისხმება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო მანიპულაციების და აქტივობების გაგრძელება ბინის პირობებში ოჯახის წევრების მიერ). მიუხედავად პროგნოზირების სირთულეებისა არსებობს ზოგადი პროგნოზი, რომელიც ასახვს მოტორული უნარების განვითარების შესაძლებლობებს ცერებრული დამბლის დროს. ამ პროგნოზების მიხედვით, თუ ცერებრული დამბლის მქონე  ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად ჯდომას 2 წლის ასაკისათვის (ნორმაში დამოუკიდებლად ჯდომის ფუნქცია ყალიბდება 9 თვის ასაკისათვის), ის მეტი ვარაუდით შეძლებს დამოუკიდებლად სიარულს. თუ ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად ჯდომას 2 დან - 4 წლამდე, ის შეძლებს სიარულს, მაგრამ მეტი ვარაუდით მას სიარულისათვის დასჭირდება სხვადასხვა ტიპის დამხმარე (ხელჯოხი, ჩარჩო) მოწყობილობის გამოყენება. მიუხედავად წარმოდგენილი ზოგადი პროგნოზებისა, ზუსტად განსაზღვრა იმისა თუ როგორი იქნება ცერებრული დამბლის მქონე  ბავშვის ფიზიკური და მენტალური განვითარება შეუძლებელია. თავის ტვინს აქვს განვითარების უზარმაზარი უნარი და რესურსი და აპრიორი ზღვარის დაწესება არ არის სწორი. მთავარია ყველა შემთხვევაში განხორციელდეს ცერებრული დამბლის სწორი მართვა, რაც გულისხმობს - მულტიდისციპლინურ გუნდურ მიდგომას და სარეაბილიტაციო მკურნალობის სწორ, მიზანზე ორიენტირებულ დაგეგმვასა და განხორციელებას.   

ონლაინ ლექცია

ონლაინ ლექცია! მეტყველების თერაპიის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში ლექციას გაუძღვება  ნინო მაღლაკელიძე - კენ ვოლკერის კლინიკის ბავშვთა მიმართულების მეტყველების თერაპევტი  ლექციაზე დასწრება სრულიად უფასოა და ჩატარდება კენ ვოლკერის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე LIVE ჩართვის საშუალებით. ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები  მეტყველების განვითარება მეტყველები შეფერხება ენაბორძიკობა რჩევები მშობლებისთვის  ჩართვა შედგება 23 სექტემბერს , 17:00 საათზე.

© 2020