სიახლეები

მთავარისიახლეები

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება 1 წლის ასაკამდე ბავშვის განვითარებისას?

ბავშვის განვითარება ყველაზე სწრაფად სწორედ პირველი ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობს. შესაბამისად, თუ განვითარებას რამე ხელს უშლის, ბავშვის დახმარება სწორედ ამ ასაკშია ყველაზე ეფექტური.

ბავშვის განვითარებას ხელი შეიძლება ნერვული სისტემის დაზიანებამ შეუშალოს. არსებობს მგომარეობები, რომლის დროსაც შესაძლებელია ნერვული სისტემა დაზიანდეს: დღენაკლობა, რთული მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა დაბადებისას და ა.შ.

ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის და ადრეული რეაბილიტაციისთვის, რასაც მკურნალობის მაქსიმალურად კარგი შედეგი მოაქვს, მნიშვნელოვანია განვითარების სირთულეების ადრეული ამოცნობა. მშობლის როლი ბავშვის განვითარების შეფერხების პირველი ნიშნების ამოცნობაში გადამწყვეტია, რათა შემდეგ ბავშვის განვითარების სრულფასოვანი შეფასებისათვის მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს ან განვითარების პედიატრს.  

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს და რა ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?

ქვემოთ წარმოდგენილია წლამდე ბავშვის ტიპური ე.წ. ნორმალური განვითარების ნიშნები. თუ თქვენი ბავშვი შესაბამის ასაკში ამ უნარებს არ ავლენს, უმჯობესია მდგომარეობის გადასამოწმებლად მიმართოთ სპეციალისტს, რათა არ დაიკარგოს განვითარების წახალისების ყველაზე ხელსაყრელი პეროდი.

2 თვის ბავშვი:

  • კარგად წოვს ძუძუს ან საწოვარას, კარგად ყლაპავს, საკვები არ სცდება 
  • მტევანზე შეხებისას ხელს სტაცებს საგანს
  • იწყებს თავის დაჭერას, გაკონტროლებას

4 თვის ასაკში:

  • ხელი მიაქვს პირთან და იდებს პირში
  • სათამაშოს ან სატყუარას იჭერს ხელში და მიაქვს პირთან
  • კარგად იჭერს, აკონტროლებს თავს
  • თვალს აყოლებს მოძრავს საგანს
  • აბრუნებს თავს სათამაშოს მოძრაობის ან ხმის მიმართულებით
  • ხელები მიაქვს სხეულის შუა ხაზთან და ერთმანეთს კიდებს ხელებს

6 თვის ასაკში:

  • საკვებს იღებს კოვზით
  • მუცელზე წოლისას ეყრდნობა ხელებს და ცოტა ხანი ჩერდება ასეთ პოზაში
  • მოხერხებულად იღებს სათამაშოს
  • ემზადება ჯდომისას წონასწორობის შენარჩუნებისთვის, იწყებს წელის მყარად „დაჭერას“, გაკონტროლებას

9 თვის ასაკში:

  • ზის დამოუკიდებლად: ინარჩნებს წონასწორობას ისე, რომ ხელებზე დაყრდნობა აღარ სჭირდება და თამაშობს ორივე ხელის გამოყენებით
  • იღებს პატარა ზომის საგნებს ცერა და საჩვენებელი თითებით
  • გადააქვს საგანი ერთი ხელიდან მეორე ხელში
  • სურვილისამებრ იღებს და დებს საგნებს

12 თვის ასაკში:

  • ხელში უჭირავს, პირთან მიაქვს და კბეჩს მყარ საკვებს
  • იღებს ყუთიდან სათამაშოებს ან სხვადასხვა საგნებს
  • ესმის საუბარი, ინსტრუქციები
  • გამოხატავს საკუთარ სურვილებს, მაგალითად: საჩვენებელი თითით მიანიშნებს სასურველ საგანზე
  • უჭირავს ჭიქა ორივე ხელით, მიაქვს პირთან და სვამს წყალს ჭიქიდან
  • დგება ფეხზე რაიმე საყრდენის დახმარებით, მიჰყვება საყრდენს

 


© 2020