წყალში მოძრაობა განსხვავებული გამოცდილებაა. ერთი მხრივ, წყალი ამცირებს სხეულის წონას და ეხმარება ბავშვს, შეასრულოს ის მოძრაობები, რომლებიც მისთვის ჯერ ისევ რთული შესასრულებელია ხმელეთზე, მეორე მხრივ, წყალი წინააღმდეგობას უწევს მოძრაობას და ამით ხელს უწყობს ძალისა და გამძლეობის განვითარებას. აკვათერაპიისას ყურადღება ექცევა სუნთქვის რეგულირებას, კუნთების მაღალი ტონუსის ნორმალიზებას, მოძრაობების კოორდინირებულ შესრულებას. ბავშვთა უმრავლესობისათვის წყალში თერაპია სახალისო და მამოტივირებელია.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ აკვათერაპიის ჩართვა სარეაბილიტაციო მომსახურებების კომპლექსში არ შეიძლება, თუ ბავშვს აქვს უნებლიე შარდვისა და დეფეკაციის ეპიზოდები, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები, მიმდინარე ეპილეფსიური გულყრები, კანის დაზიანება (მაგ.: ღია ჭრილობები, ნაწოლები და ა.შ.) ან არის ალერგიული ქლორის მიმართ.
აკვათერაპიის პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.