სიახლეები

მთავარისიახლეები

თუ თქვენ ახლა იწყებთ აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროცესს

ლუკა 2 წლისაა. ყველაზე კარგად თავს დედის კალთაში გრძნობს. უყვარს, როდესაც უმღერიან და პარკში ასეირნებენ. ლუკას მოძრაობა უჭირს:

დამოუკიდებლად ვერ დადის და ვერ ზის, სათამაშოები ხშირად უვარდება, სიტყვების წარმოთქმისას რთულია მისი ნათქვამის გაგება. შეწუხებულმა მშობლებმა  ლუკას დასახმარებლად კენ ვოლკერის კლინიკის რეაბილიტაციის გუნდს მიმართეს. აქამდე მათ არასდროს ჰქონიათ ამდენ სხვადასხვა სპეციალისტთან შეხება. ახალ გარემოში მიმდინარე პროცესის გაცნობისა და უცხო ადამიანებთან ურთიერთობის დაწყებისას მშობლებიც და ლუკაც, მართალია, დაინტერესებულები არიან, თუმცა, იმავდროულად, დაძაბულები ჩანან.       

თითოეული ბავშვი უნიკალურია ინდივიდუალური შესაძლებლობებითა და საჭიროებებით, ინტერესებითა და გამოცდილებებით, ჩვევებითა და ხასიათის თვისებებით, გარემომცველ სამყაროზე რეაგირების ტემპითა და ტემპერამენტით. როდესაც ბავშვს ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზებაში სპეციალისტების დახმარება სჭირდება, ის ოჯახთან ერთად აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროცესში ერთვება.

პირველი კონტაქტი და ურთიერთგაგების ჩამოყალიბება

პირველ კონტაქტსა და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ბავშვს, მისი ოჯახის წევრებსა და სპეციალისტების გუნდს შორის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნაყოფიერი სარეაბილიტაციო პროცესის წარსამართავად. უცხო გარემოს გაცნობას, ადამიანებთან ურთიერთნდობის ჩამოყალიბებასა და უსაფრთხოების განცდის დაუფლებას, განსაკუთრებით ბავშვისათვის, დრო და ორმხრივი მონდომება სჭირდება. ზოგ შემთხვევაში ეს უფრო სწრაფად, ზოგ შემთხვევაში კი შედარებით ნელა ხდება.   

ბავშვისათვის პირველი სარეაბილიტაციო პროცესის დაწყების გამარტივება მისი წინასწარი მომზადებით შეიძლება. მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ ბავშვს თქვენი ნათქვამის შინაარსი არ ესმის ან ნაკლებად აინტერესებს, ამის მიუხედავად, ესაუბრეთ მას. უამბეთ ბავშვს, რომ თქვენ ერთად აპირებთ წასვლას იქ, სადაც ბევრი ბავშვი დადის, ელიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ მისი გაცნობა, ერთად ითამაშებენ და საინტერესო რაღაცებს გააკეთებენ. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვს, მაგალითად, თინეიჯერს, აუხსენით, რომ მასთან ერთად სხვადასხვა სპეციალისტი იმუშავებს, რათა უფრო ადვილად შეძლოს იმის კეთება, რაც სურს და აინტერესებს. მოინიშნეთ ის საკითხები, რომლებიც ბავშვს, თქვენ ან ოჯახის სხვა წევრებს გაინტერესებთ რეაბილიტაციის პროცესისა და მასში მონაწილე ადამიანებისაგან. ამაზე საუბრის წამოწყება რეაბილიტაციის გუნდს უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის თქვენი ოჯახის მოლოდინებზე. უშუალოდ წამოსვლისას შეგიძლიათ ბავშვს აარჩევინოთ ან თქვენ წამოიღოთ ის სათამაშო ან ნივთი, რომელიც ძალიან უყვარს და ამშვიდებს.  

ადამიანებს შორის ეფექტური კომუნიკაციის, ურთიერთგაგებისა და ნდობის ჩამოყალიბება დამოკიდებულია თავად ახალ გარემოში მიღებულ შთაბეჭდილებებზეც. კომფორტული და მიმზიდველი გარემოს უზრუნველყოფით, ბავშვის რეაქციების მიმართ სენსიტიურობით, ბავშვისა და მისი მზრუნველის მიმართ კეთილგანწყობითა და პატივისცემით, მათთან ურთიერთობისას ინდივიდუალური ტემპისა და საჭიროებების გათვალისწინებით კლინიკა ზრუნავს პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებაზე. იმავდროულად, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკის, მისი ტემპერამენტისა და ხასიათის თავისებურებების შეცნობაც, წარსული გამოცდილებებისა და იმ მომენტში არსებული გუნება-განწყობის, მშობლის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებაც. მაგალითად, თუ ბავშვს შია, ეძინება, მშობელი ღელავს ან დაძაბულია, შეიძლება უცხო გარემოში მან თავი მშვიდად ვერ იგრძნოს. ხოლო დაძაბულ და სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვისათვის თერაპიის პროცესი ნაკლებ ეფექტურია.

ამიტომ ბავშვთან მომუშავე სპეციალისტები ცდილობენ, რამდენადაც ეს ბევრ ბავშვთან მუშაობის პირობებშია შესაძლებელი, ერთი მხრივ, მოერგონ თითოეულის განსხვავებულ რუტინას: კვების, ძილის, მედიკამენტების მიღებისა თუ ოჯახის ფუნქციონირების განრიგს; ხოლო, მეორე მხრივ, მშობელთან სიახლოვისა და დისტანციის მართვისას ბავშვის რეაქციებისა და ინდივიდუალური ტემპის პატივისცემით, საინტერესო და სახალისო ურთიერთობითა და სამუშაო პროცესით ბავშვისათვის თერაპია გახადონ სასიამოვნო. განსაკუთრებით მგრძნობიარე ბავშვის შემთხვევაში სპეციალისტები ცდილობენ, თანდათან მიუახლოვდნენ ბავშვს, დაიწყონ მუშაობა მშობლის კალთაში ან მის სიახლოვეს, თამაშ-თამაშით შეაჩვიონ ახალ მოძრაობებსა თუ აქტივობებს. როდესაც ბავშვი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, ის მეტად გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს, გაბედულად იმოქმედებს და უკეთ აითვისებს ახალ უნარ-ჩვევებს. შესაბამისად, ბავშვის კარგი განწყობის მისაღწევად საკმარისი დროისა და შემოქმედებითობის გამოყენება ეფექტური რეაბილიტაციის პროცესის წარმართვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

თერაპევტი ლუკას და მის მშობლებს ღიმილით შეეგება და გაეცნო. დაათვალიერებინა გარემო. დაინტერესდა ლუკას ყოველდღიური ცხოვრების რუტინით, მისი საყვარელი ნივთებითა და საქმიანობებით. ამ დროს ლუკა დედის კალთაში იჯდა და თაროზე სათამაშოებს აკვირდებოდა. თერაპევტმა თვალი ლუკას მზერას გააყოლა, საინტერესო სათამაშო ჩამოიღო და ლუკას გაუწოდა. ცოტა ხანს ადროვა და, როდესაც შეატყო, რომ ლუკა დედას უფრო მიეკრა, სათამაშო მასთან ახლოს დადო, უდნავ უკან დაიხია და გაუღიმა. საკმაოდ ნელი ტემპითა და ფრთხილად, თუმცა თანმიმდევრული ნაბიჯებით, თერაპევტი ცდილობდა ლუკას ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვებას მის რეაქციებზე დაკვირვებითა და მშობლების სიახლოვის გამოყენებით. თამაშ-თამაშით ლუკა დედის კალთიდან მის გვერდით, თუმცა ზურგით დედაზე მიყრდნობილი, სავარძელზე ჩამომჯდარი აღმოჩნდა. მის გვერდით თერაპევტი იჯდა. სათამაშოს, რომელსაც ლუკა პერიოდულად ხელს უშვებდა, ხან თერაპევტი და ხან მამა აწოდებდნენ. დედამ თერაპევტისგან ისწავლა, როგორ წაეხალისებინა ლუკა, რათა ჯდომისას წონასწორობის შესანარჩუნებლად მეორე ხელის იდაყვს დაყრდნობოდა. პირველი დღის შედეგით თერაპევტიც და ოჯახიც კმაყოფილები დარჩნენ: ლუკამ გაიცნო კენ ვოლკერის კლინიკის რეაბილიტაციის გუნდის წევრები, მიიღო გამოცდილება, რომ მას არავინ მოულოდნელად არ დააშორებს მშობლებს, სანამ თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს ახალ ადამიანებთან.             

საბოლოოდ, ურთიერთგაგების ჩამოყალიბება ბავშვს, მის მზრუნველებსა და რეაბილიტაციის დარგის პროფესიონალებს შორის პროცესია, რომელიც პირველი შეხვედრისას იწყება და თანდათან ვითარდება. ამ პროცესში თავისი წვლილი ყველა მონაწილე მხარეს შეაქვს. ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვისა და თქვენს განცდებზე რეაბილიტაციის გუნდთან გულწრფელი საუბარი ყველასათვის ძალიან სასარგებლოა და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროცესს.  

 


© 2021