სიახლეები

მთავარისიახლეები

ალტერნატიული კომუნიკაცია ცერებრული დამბლის მქონე პირებისთვის

მეტყველების გზით ბავშვი ამყარებს ურთიერთობას სხვებთან, გამოხატავს საკუთარ აზრებისა და სურვილებს.

კომუნიკაციისას ბავშვი იგებს სხვების აზრს, მითითებასა თუ დამოკიდებულებას. ყოველივე ეს კი ეხმარება მას როგორც სამყაროს შეცნობაში, უკეთ გაგებაში, ისე სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. რაც მთავარია მეტყველება ეხმარება ბავშვს საკუთარი და სხვისი ქცევის რეგულირებაში. როგორც ვიცით მეტყველებისას აქტიურად არის ჩართული მოტორული მხარე, კერძოდ პირისა და ენის მოძრაობა. ზოგიერთ ბავშვსა თუ მოზარდს, რომელსაც აქვს ცერებრული დამბლის დიაგნოზი, ნატიფი მოტორული აქტივობების განხორციელება ხშირად გართულებული აქვთ. რის გამოც მათ აღენიშნებათ სირთულეები ღეჭვა-ყლაპვისას, ასევე მეტყველებისას.  მათ უჭირთ სწორედ საკუთარი აზრებისა და სურვილების გამოხატვა, ხშირად მათი ლაპარაკი გაუგებარია ან სიტყვების წარმოთქმისას დიდ ენერგიასა და ძალისხმევას ანდომებენ. შედეგად ბავშვს შესაძლოა ნაკლები შესაძლებლობა ქონდეს სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების, ვერ ახერხებდეს საკუთარი სურვილებისა თუ საჭიროებების გამოხატვას და ამავდროულად უჭირდეს საკუთარი ქცევის მართვა.

ასეთ დროს, შესაძლებელია ბავშვისა და მშობლისათვის ალტერნატიული კომუნიკაციის გზის შეთავაზება. ალტერნატიული კომუნიკაციის სისტემა არის დამხმარე გზა, რომელიც ანაცვლებს, ავსებს ან ეხმარება ვერბალურ კომუნიკაციას. მისი გამოყენება ხელს უწყობს ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. აძლევს განათლების, მეგობრების შეძენისა და სოციალური კავშირების დამყარების შესაძლებლობას. 

 ალტერნატიული საკომუნიკაციო სისტემები იყოფა სამ ნაწილად.

1. ტექნოლოგიების გარეშე საკომუნიკაციო სისტემა, რომელშიც მოიაზრება, მიმიკები, ჟესტები, ჟესტური ენა, თვალებით კომუნიკაცია (მაგ: თვალების დახუჭვა თანხმობის დროს და სხვა) და ა,შ,

2. დაბალტექნოლოგიური საკომუნიკაციო სისტემები: ეს არის სისტემა, სადაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნა მთელი რიგი ფორმები. იგულისხმება ისეთი მასალის გამოყენება, რასაც არ სჭირდება ელემენტი ფუნქციონირებისათვის. დაბალტექნოლოგიური სისტემის მაგალითებია: კალამი და ფურცელი, დასურათებული ბარათები, ფოტოები, საგნობრივი სიმბოლოები და სხვა.

3. მაღალტექნოლოგიური სისტემა, ანუ ის, რაც დამოკიდებულია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებაზე. მისი მაგალითებია: ელექტრონული დაფა, რომლის ხელის დაჭერით ხმოვანდება სიმბოლო/სურათი, პლანშეტი, სათამაშო ან წიგნი, რომელიც იწყებს ლაპარაკს შეხებისას, კომპიუტერი, სადაც ჩაწერილია პროგრამა და მრავალი სხვა.

საქართველოში ალტერნატიული კომუნიკაციის მეთოდებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ბარათების გაცვლით კომუნიკაციის მეთოდი. მას ასევე „პეკს“ (PECS-Picture Exchange Communication Systems), მისი აბრევიატურიდან გამომდინარე უწოდებენ. მოცემული მეთოდი შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც დაბალტექნოლოგიური, ისე მაღალტექნოლოგიური სისტემის გამოყენებით. მისი ბარათები შესაძლოა დამზადდეს, ბავშვის შესაძლებლობებისა და რესურსების გათვალისწინებით. ასევე შესაძლებელია PECS-ის პროგრამის პლანშეტსა და კომპიუტერში ჩაწერა და შემდგომ მისის გამოყენების სწავლება. ამ მეთოდის სწავლებისათვის საჭიროა ისეთი სპეციალისტის მოძიება, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი და მოცემული მეთოდის სწავლებისა და გამოყენების კვალიფიკაცია გააჩნია.  

გავრცელებულია მითი, რომ არსებული მეთოდებისა და სისტემების გამოყენება აფერხებს ბავშვისა თუ მოზარდის მეტყველების განვითარებას; აზარმაცებს ბავშვს, რომ ილაპარაკოს და ა.შ. თუმცა არსებობს მრავალი კვლევა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფაქტი, რომ მოცემული სისტემისა და მეთოდის გამოყენება პირიქით ხელს უწყობს სიტყვების მარაგის გაზრდასა და მეტყველების განვითარებას. 

 

 


© 2020